მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის ზოგიერთმა რესტორანმა შეზღუდვების გამო დაკეტვა ამჯობინა, სხვები გატანის სერვისით მუშაობენ, რითაც ცალკეულ შემთხვევებში ზარალდებიან.
ახალქალაქი პატარა ქალაქია, და კვების ნებისმიერი ობიექტი დიდხანს ვერ ძლებს, რადგან აქ გარეთ ჭამის კულტურა ნაკლებად არის ჩამოყალიბებული. როდესაც კაფე ან რესტორანი იხსნება, ხალხს ეს მალევე ბეზრდება და ასეთ ადგილებში მხოლოდ დღესასწაულების აღსანიშნავად დადის. თუმცა ახლა, კორონავირუსის პირობებში ამასაც ვერ გააკეთებ.
ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, შეზღუდვები მთელ საქართველოში მოქმედებს, ბევრი მათგანი კი დიდ ქალაქებს ეხება, თუმცა ზოგიერთი პატარა ქალაქებზეც ვრცელდება. საერთო ჯამში შეზღუდვები ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს.
კვების ობიექტების უმეტესობა, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეხება, უპირატესად მიიჩნევენ დაიკეტონ, რასაც ვერ უშველის ვერავითარი ერთჯერადი 300 ლარის ოდენობის დახმარება, რომელსაც ხელისუფლება აძლევს იმ ხალხს, ვინც სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგა.
სხვა ობიექტები შემოსავალს სახლში მიტანის სერვისის მეშვეობით ნახულობენ.
“სახლში მიტანა ყველა შემთხვევაში ამართლებს, ყველა ვერ მოდის, ასე კი უკვეთავენ და იცდიან”,- ამბობენ “იამი ბისტროში”, რომელიც ამ ბოლოს გაიხსნა და სახლში მიტანის სერვისით მუშაობს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კაფე- “გრანდ მური”, დაიკეტა.
“ჩვენთვის სახლში მიტანა არ ამართლებს, დაკეტვამდეც ჩვენთან ცოტა ხალხი დადიოდა, და კვების შეკვეთები ცოტა იყო, ამიტომ დახურვა გადავწყვიტეთ”,- თქვეს “გრანდ მურში”.
კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტი “ჯავახკ პანდოკი” გაიხსნა წელს, როგორც “იამი ბისტროში” აქაც მალევე მიხვდნენ, რომ სახლში მიტანის სერვისით მუშაობაა საჭირო.
“ჩვენს კლიენტებსა და მოსახლეობაზე ზრუნვით თავიდან სახლში მიტანის სერვისით დავიწყეთ მუშაობა, რათა სახლში კომფორტულად მივაწოდოთ საჭმელი. ეს არ არის მომგებიანი, მაგრამ ვმუშაობთ, რათა ხალხი სახლში დარჩეს, და დაავადების საფრთხე არ შეექმნათ. კომენდატის საათი 21:00 საათზე იწყება, მაგრამ ჩვენ ნებართვა მივიღეთ და 22-23:00 საათამდე ვმუშაობთ”,- თქვეს “ჯავახკ პანდოკში”.
სხვა რესტორნები დაიკეტა, მათ შორის არის ახალქალაქის ერთ-ერთი პირველი რესტორანი “ევროსტარი”, იქ თვლიან, რომ შემოსავალი დანახარჯს არ ფარავს.
“ჩვენ არ ვმუშაობთ, რადგან ჩვენი რესტორანი ქალაქისგან შორს მდებარეობს და შეკვეთა ცოტაა, ამიტომ უფრო მარტივია რესტორნის დაკეტვა და თანამშრომლების გაშვება, ვიდრე სახლში მიტანით მუშაობა, მათ ხომ ანაზღაურებაც უნდა ვუხადოთ, ეს უბრალოდ არამომგებიანია”,- ამბობენ რესტორან “ევროსტარში”.
რესტორანი “ფარელი” უკვე ორი დღეა სახლში მიტანის სერვისით მუშაობს, თუმცა ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ იცის.
“უკვე ორი დღეა სახლში მიტანით ვმუშაობთ. ჩვენს თანამშრომლებს ვერ ვუხდიდით ანაზღაურებას, ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა და გვთხოვეს, რომ რამე გავაკეთოთ, რათა პურის ფული ჰქონდეთ. ჩვენ რეკლამა არ გაგვიკეთებია, ვინც იცის გვირეკავს და გვიკვეთავს, ან აქედან გავლის შემთხვევაში უკვეთავენ. სახლში მიტანა არ ამართლებს, თანხა ხელფასებზე ძლივს გვყოფნის. ამასთანავე რესტორანს ვათბობთ, თბილ დროს გათბობის თანხას მაინც არ ვიხდიდით”,- ამბობენ “ფარელის” მფლობელები.
რამდენ ხანს გაძლებენ კვების ობიექტები ამ პირობებში და შეძლებენ თუ არა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კვლავ ამუშავებას…