აზერბაიჯანის წარმომადგენლობამ მოსკოვში სომხურ მხარესთან ცეცხლის შეჩერების რეჟიმის მხარდაჭერის მექანიზმების განხილვაზე უარი თქვა. ამის შესახებ რადიო “აზატუციუნს” სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მოადგილემ მანე გევირქიანმა აცნობა.
მისივე თქმით, შეხვედრის ინიციატორი იყო რუსეთის მხარე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ, თუმცა აზერბაიჯანის მხარე შეხვედრაზე არ მივიდა.
“როგორც ჩანს, აზერბაიჯანი უარს ამბობს მოსკოვში ცეცხლის შეჩერების შეთანხმებაზე და რუსეთის ინიციატივას უარყოფს”,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მოადგილემ.
სომხური მხარის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანის მთავრობას მოსკოვში შეხვედრაზე მონაწილეობას თურქეთმა არ დართო ნება.
ორი დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამხედროების შეხვედრის ორგანიზების სამუშაოები. ზახაროვამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეჩერების კონტროლის მექანიზმის საკითხი.
ჰუმანიტარული მოსაზრების თანახმად ცეცხლის შეჩერების რეჟიმის შეთანხმება 10 ოქტომბერს 12:00 საათზე იყო მიღწეული მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შუამდგომლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების შედეგად. 9 ოქტომბერს დაწყებული მოლაპარაკება დაახლოებით 11 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ღამით დასრულდა.
ცეცხლის შეჩერების შეთანხმება სამხედრო მძევლებისა და ბრძოლის ველზე დარჩენილ, დაღუპულთა ცხედრების გაცვლას ითვალისწინებს.