ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება პისიარტესტი, საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მოქალაქეებს 12-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

„რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინო სივრცე არის ძირითადი ბუფერი, რათა შევაჩეროთ ქვეყანაში ვირუსის შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და, რა თქმა უნდა, ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, დამატებითი ფრენები, საკარანტინო სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება.

ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება პისიარტესტი, საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და ეს იქნება ის მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ პისიარტესტი თან, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინო სივრცე. ეს არის ის, რითაც ვცდილობთ, უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.