საქართველოს ჯანდაცვოს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში იზოლაციის ვადის შემცირებაზე დამატებით იმსჯელებენ. მისივე თქმით, მეტი აქცენტი კეთდება პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა და სამსახურებში დროული დაბრუნება მნიშვნელოვანია.

„ჯერჯერობით უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა კვლავაც რჩება რვა დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, მაგალითად, იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა შეიძლება, გააგრძელოს ჩვეული ბიზნესაქტიურობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.

მეტი აქცენტი კეთდება იმ პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა, დროული დაბრუნება სამსახურებში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცონო პერსონალზე. ამდენად, ამ კვირის განმავლობაში ამაზე დამატებით მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამაზე განცხადებას გავაკეთებთ.

სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში. სწორედ სამუშაო ადგილზე მათი დროულ დაბრუნებაში შესაძლებელია, დაგვეხმაროს იზოლაციის ვადის ხუთ დღემდე შემცირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.