საქართველოს მთავრობამ დაადგინა, თუ კონკრეტულად სად არის სავალდებულო პირბადის ტარება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა პირბადის ტარება სავალდებულოა საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს მოქალაქეებთან შეხების ალბათობა. ამას გარდა საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, ისევე როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის მეტროში და ტაქსიში). პირბადის ტარება ასევე სავალდებულოა დაწესებულებებში, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
“…პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, შეკრებებისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. კერძოდ, თუ ადამიანს არ შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა შეხვედრებსა და თათბირებზე, პირბადის ტარება აუცილებელია. ამასთანავე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენებისას/პრეზენტაციის გაკეთებისას, თუ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.”- აღნიშნა მეზვრიშვილმა.