დღეს ახალქალაქში ვაქცინაციისა და ვაქცინების შესახებ შეხვედრა გაიმართა. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში იმართება, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ. შეხვედრებს კავკასიის ინსტიტუტი მართავს.
ვაქცინაციის მობილური ჯგუფების პროექტი 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარნეულის, ახალციხისა და ხულოს შემდეგ მოვედით, რადგან ახალქალაქის მოსახლეობისგან გვქონდა შეტყობინება, რომ ვაქცინისა და ვაქცინაციის შესახებ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ამიტომ გადავწყვიტეთ აქ კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარება“, – თქვა კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რუსუდან აფსიაურმა.
შეხვედრას 25-მდე ადამიანი ესწრებოდა – პედაგოგები, ჟურნალისტები, სტუდენტები და ამ თემით დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა. შეხვედრის სტუმარი იყო პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც კოვიდ პაციენტებთან მთელი კორონავირუსის ეპიდემიის დროს მუშაობა.
„ ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაცია “რეგიონალური თანამშრომლობის ზღვის ფონდისგან” მივიღეთ. პროექტი მიზნად ისახავს ინფორმაციული დანაკლისის შევსებას. ჩვენი მიზანია- ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია, ვისაც აინტერესებს ჩაიტაროს თუ არა ვაქცინაცია, რომელი ვაქცინა გაიკეთოს, ასევე რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროს პაციენტმა გამოკვლევა და მიიღოს ექიმის რეკომენდაცია“, – დასძინა რუსუდანმა.
მისივე თქმით, მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც ენის არცოდნის პრობლემაა, რათა ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოსახლეობას სწორი და ხელმისაწვდომი ფორმით მიეწოდოს.