ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული მიზნებით გერმანიაში გამგზავრება კვლავ აეკრძალათ. ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს საელჩომ განაცხადა.
7 ოქტომბერს, გერმანიამ საქართველო “მაღალი რისკის” ქვეყნების სიაში შეიყვანა. ახლა, საქართველოდან საზღვარზე ჩამოსულმა მოქალაქეებმა, PCR ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა მიიღონ, რომელიც მოგზაურობიდან არა უგვიანეს 48 საათისა ჩაუტარდა. თუმცა ტესტირების გარეშეც შეიძლება მგზავრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ორკვირიანი თვითიზოლაცია ან კარანტინია საჭირო.
შეზღუდვები არ ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე, ასევე გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე, აგრეთვე ოჯახის წევრებზე (მეუღლე, მცირეწლოვანი და გაუთხოვარი შვილი, მცირეწლოვანის მშობელი) ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტეინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეებს.
საგანგებო ვითარების შემთხვევაში, საქართველოდან გერმანიაში შეიძლება ჩამოვიდნენ:
-სამედიცინო პერსონალი;
-მკვლევარი მეცნიერები;
-მოქალაქეები, რომლებიც ზრუნავენ ავადმყოფებზე ან მოხუცებზე და დასაქმებულნი არიან გერმანიაში;
-მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომელთა დასაქმება ეკონომიკურად მნიშვნელოვანია;
-დანიშნულების ადგილას, ნავსადგომში მიმავალი მეზღვაურები;
-საერთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები;
-სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებული პირები;
-დიპლომატები და საერთაშორისო, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები.
სტუდენტები შეძლებენ გერმანიაში გამგზავრებას, თუ მათ აქვთ სასწავლო ვიზა. ასევე, უნდა წარადგინონ საგანმანათლებლო დაწესებულების დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, სტუდენტის ყოფნა ქვეყანაში სავალდებულოა. გერმანიაში სტუდენტებისთვის გაჩერების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
საქართველოს მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ სამკურნალოდ გერმანიაში შესვლა. თუ საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; შემთხვევები, როდესაც მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ გერმანიაში; ან როდესაც გერმანიის კლინიკაში მკურნალობა უკვე დაწყებულია. გარემოებები დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. პაციენტს შეიძლება ახლდეს ორი ადამიანი.
ტრანზიტის მიზნით გერმანიაში შესვლა ნებადართულია, თუ დანიშნულების ქვეყანაში პირდაპირ შესვლა შეუძლებელია. მგზავრმა ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს. სატრანზიტო პერიოდი გერმანიაში შეზღუდულია.
“გერმანიაში შესვლის უფლების მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მოხელე ღებულობს, რომელიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მუშაობს”,- აცხადებს საელჩო.
გერმანია “მაღალი რისკის ზონად” ამ თუ იმ ქვეყანას აცხადებს, როდესაც შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, აღნიშნულ ქვეყანაში, ასი ათას მოსახლეზე 50-ს აჭარბებს. სექტემბრის დასაწყისიდან, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თვეზე მეტია, რაც ინფიცირებულთა ყოველდღიური ზრდა სამნიშნა რიცხვით გამოიხატება.
ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსი 10 752 ადამიანს დაუსვეს, 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 72 გარდაიცვალა.