მთიან ყარაბაღში, მსხვილმასშტაბიანი საომარი ქმედებების მე-9 დღეს, ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა, საკუთარ Facebook გვერდზე “მოწინავეთა სტაბილური წარმატება” დააფიქსირა.
არუთუნი წერს:”აზერბაიჯანის ტერორისტულმა არმიამ სტეფანაკერტის მიმართულებით, მხოლოდ “სმერჩ”-ის სისტემიდან, 100 რაკეტა გაუშვა, თუმცა საბედნიეროდ, დიდი დანაკარგი არ გვქონია”.
მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი არტაკ ბეგლარინი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი 27 სექტემბრიდან დღემდე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად აკრძალულ იარაღს იყენებს. 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, ყარაბაღში 19 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, კიდევ 80 დაჭრილია.
ეს ინფორმაცია დაამტკიცა საერთაშორისო სამართალდამცავმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა, რომლის ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი, სტეფენაკერტი, იზრაელის წარმოების, აკრძალული კასეტური ბომბებით დაბომბეს.
ბეგლარიანის თქმით, მსხვერპლის უმრავლესობა აზერბაიჯანის მხრიდან, გამიზნული ტარგეტირების შედეგად მოხდა. “ძირითადად, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შედეგად, არის უპილოტო აპარატების დარტყმების შედეგები, არის მაღალი სიზუსტის მქონე სარაკეტო სისტემის დარტყმის შედეგებიც, რაც განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, განხორციელდა სტეფანაკერტში. ასევე ავიადარტყმების, დაბომბვის შემთხვევები დაფიქსირდა. აზერბაიჯანის მიზანი იყო დარტყმები მიეყენებინა მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე, რათა დიდი ადამიანური და მატერიალური ზარალი მიეყენებინა, შესაძლოა, მიზანი ასევე პანიკის შექმნა და შეშინებაც იყო”,- განაცხადა ბეგლარიანმა.
აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მხარეს, რიგ დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო სროლები მიმდინარეობს, ერევანში ოფიციალურ დონეზე უარყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არა მხოლოდ უარყო ეს ინფორმაცია, არამედ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პროვოკაციისათვის საჭირო საყრდენს ქმნის.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ჰოვანნისიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის თავდაცვის არმია აზერბაიჯანის ქმედებებს სათანადო პასუხს უბრუნებს და დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე, სამხედრო პირებზე, სამხედრო დაჯგუფებებსა და მხოლოდ სამხედრო მიზნების მიმართულებით ახორციელებს.
ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ 21 სამხედრო პირის სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. საერთო ჯამში დაიღუპა 240 სამხედრო პირი.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი სამხედრო დანაკარგის შესახებ არ იუწყება და მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებულ დანაკარგს აცხადებს.