საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში იარაღის გადატანის შესახებ ინფორმაცია თბილისში კიდევ ერთხელ უარყეს. შესაბამისი განცხადება, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გააკეთა.
მან შეგვახსენა, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწავავების ფონზე, საქართველომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით საბრძოლო ტვირთის ტრანსპორტირება აკრძალა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.
“ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელში საქართველოს გავლით იარაღის ტრანსპორტირების თაობაზე ვრცელდება დეზინფორმაცია და სხვადასხვა ფეიკ სიახლე. ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში იარაღი გაიტანეს, რაც დეზინფორმაციაა”,- განაცხადა დარსალიამ.
დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყველას მოგვიწოდა, სიახლეების გაცვლისას დამოწმებულ და სანდო წყაროებს დავეყრდნოთ.
3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ჩაატარა სხდომა, რომელიც მთიანი ყარაბაღის სიტუაციას ეძღვნებოდა. განიხილებოდა პროცესები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა, რეგიონში დაძაბული სიტუაცია, ასევე სცენარის შესაძლო განვითარება და უსაფრთხოების რისკები. საქართველომ გამოთქვა დეესკალაციის ნებისმიერი ფორმით ხელშეწყობის მზადყოფნა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის პლატფორმა შესთავაზა.