აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

როგორც ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა.

„ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლების მიერ მილიონნახევარი სომეხი დეპორტირებული და მოკლული იყო. ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვა მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ ამბავს. ვხედავთ მათ ტკივილს და ვადასტურებთ ისტორიას. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ დადანაშაულებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს.

დღეს ვგლოვობთ იმას, რაც დაკარგულია. მოდით, ასევე გავიხედოთ მომავლისკენ, სამყაროსკენ, რომლის აშენებაც ჩვენი შვილებისთვის გვსურს, სამყარო, რომელიც დაცულია ყოველდღიური ბოროტებისა და შეუწყნარებლობისგან, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, სადაც ხალხს საკუთარი ცხოვრების დაცვა ღირსეულად შეუძლია.

ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა სენთოფმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი 1915 წლის მოვლენებს გენოციდად აღიარებდა, ეს პოლიტიკური განცხადება იქნებოდა სამართლებრივი ძალის გარეშე.

მან ასევე განაცხადა, რომ გენოციდად აღიარებისკენ სომხეთის მოწოდებები ჩრდილს აყენებს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას