საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის სოციალურ ქსელში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით წერს: “მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის”.

“აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ, დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის”,- აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებით “ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში”.

აღსანიშნავია, რომ დღეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მელიქ რაისიანმა მის პირად Facebook გვერდზე კომენტარი გააკეთა, ყარაბაღ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ და სომხური მხარის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

”27 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები ყარაბაღის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყეს. ეს არის აზერბაიჯანის მორიგი სისხლიანი პროვოკაცია, რომლის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. თურქეთი აზერბაიჯანს ყველა შესაძლო ძალებით ეხმარება.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან და მათ წინაშე მდგარ ამოცანებს ასრულებენ.

მთელი სომეხი ერი, მათ შორის ჩვენ, ჯავახეთის მოსახლეობა, მხარს ვუჭერთ სომხეთისა და არცახის თავისუფლებას და მათ უფლებებს, როგორც ყოველთვის ახლაც და მომავალშიც. სომხეთში და არცახში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ არა მხოლოდ სიტყვიერად და მატერიალურად, არამედ ყველა მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, იარაღი ავიღოთ და ადამიანთმოძულე ტომების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ”.- წერს თავის Facebook- ზე მელიქ რაისიანი.

შეტაკებები სომხურ და აზერბაიჯანულ ჯარებს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. მხარეები სამოქალაქო და სამხედრო დანაკარგების შესახებ აცხადებენ. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ვითარების გამწვავებაში ადანაშაულებენ და მკაცრი საპასუხო რეაგირებით ემუქრებიან. სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და ზოგადი მობილიზაცია გამოაცხადა.