მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში, გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, სოფლებისა თუ ქალაქის ქუჩებში ნაგავს მაინც ვაწყდებით.

ახალქალაქის მერიის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედმა ახალქალაქის სერვისცენტრმა წლის დასაწყისიდან დღემდე ახალქალაქსა და სოფლებში რიგი პროგრამები განახორციელა, რომლებიც ახალქალაქისა და სოფლების გამწვანებასა და სისუფთავეზეა მიმართული.

გამწვანება

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაირგო 76 ხე, ხოლო “ხას ბახჩას” პარკში- 50 ბუჩქი და 200 ვარდი დაითესა. გარდა ამისა, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში 800 სხვადასხვა სახეობის ყვავილი დაირგო.

ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მერიასთან მდებარე პარკში, “ხას ბახჩას” პარკში და საბავშვო ბაღების ეზოებში ხეები კირით შეათეთრეს.

თიბვის სამუშაოები 28,605კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელთაგან 1ჰა ქალაქში მდებარეობს.

მე-14 და 1-ლ სამხედრო ნაწილში, ასევე ახალქალაქში ხეების მოჭრის სამუშაოები ჩატარდა.

დასუფთავება

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებს დეზინფექცია გაუკეთდა.

სოფლებიდან ნაგვის გატანა ნაქირავები მანქანებით ხორციელდებოდა, რაიონის სხვადასხვა სოფლიდან 720 კუბამეტრი ნაგავია გატანილი, ქალაქიდან კი 14 796 კუბამეტრი.

ქალაქში ყოველდღიურად 52 800 კვ/მ ფართობის ტერიტორია სუფთავდება.

სერვისცენტრის მიერ რაიონის სოფლებში გზების გასწორების სამუშაოები – 134 კმ 665 მეტრზე განხორციელდა.

ელექტროენერგიის მომსახურება

დღესდღეობით ახალქალაქის სერვისცენტრმა 2435 ელექტრო ნათურა და 48 ფარანი, ასევე 72 ფერადი ელექტრო ნათურა გამოცვალა.

სერვისცენტრმა ახალქალაქში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს 850 000 ლარი მიიღო, რომელთაგან 566 700 ლარი სახელფასო ფონდს შეადგენს.