აქ თითქმის არ არსებობს ქუჩა, სადაც მიტოვებულ სახლებს კარზე დიდი რკინის კლიტე არ ჰკიდიათ. მათი მფლობელები წავიდნენ, დატოვეს ყველაფერი ისე, თითქოს უკან დაბრუნებას აპირებენ, პატარა ხის საწოლებით, საბჭოთა დროის მინიმალისტური ავეჯით, რომელზეც წლებია მტვერის სქელი ფენა დევს. კედლებზე ხალიჩებითა და სამზარეულოში ჭურჭლით. ეს ნივთები ჯერ კიდევ პატრონს ელოდება, ხოლო პატრონები სახლს იმ იმედით არ ყიდიან, რომ ოდესღაც დაბრუნდებიან, თუნდაც დროებით, ზაფხულში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2014 წლის აღწერით (ბოლო აღწერა), საქართველოში 168 100 სომეხი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის 4,5%-ს შეადგენდა. 2014 წლამდე აღწერა 2002 წელს ჩატარდა, მაშინ საქართველოში 248 929 სომეხი ცხოვრობდა. 12 წელიწადში, რომელიც მოსახლეობის აღწერებს შორის გავიდა, საქართველოში მცხოვრებთა რიცხვი 80 829 ადამიანით შემცირდა.
ახალქალაქიდან აშშ-ში რუსეთის გავლით – ანნა ალტუნიანი (აშშ)
მიღებულია, რომ ახალქალაქიდან ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადადიან, ყველაზე მეტად რუსეთში. თუმცა, ბევრი იმ ადგილებიდან მიდის, სადაც გადავიდნენ გარდაქმნის პერიოდში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
“ახალქალაქიდან პირდაპირ ნიუ-იორკში არ გადავსულვარ. ჯერ რუსეთში წავედი. რთული იყო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. რადგან იქ ყველაფერი უცხოა, ყველაფერი სხვაა. იქ სხვა მენტალიტეტია. ერთადერთი, რაც მამშვიდებდა, ეს იყო რუსული სკოლა, რუსული განათლება და მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი ძალიან პატარა ქალაქია, ჩვენი სკოლა, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ცოდნის დახმარებით, რომელიც მასწავლებლებმა მოგვცეს უნივერსიტეტში, მე, რიგითი მშრომელი ოჯახის შვილმა, ყოველგვარი პროტექციის გარეშე ჩავაბარე. სწავლა იმდენად რთული არ იყო, როგორც რუსეთში ადაპტაცია”.
რუსეთში ანამ ორი უმაღლესი განათლება მიიღო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლიდა.
“რუსეთში ყველაფერი გამომივიდა და მეგონა, მეტი არაფერი მჭირდება, რადგან 1992 წელს წავედი, გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, როდესაც არ იყო შუქი, სითბო, პური. თუმცა, ჩვენი ოჯახი ღარიბულად, არც ცხოვრობდა, მუდამ გვქონდა სითბო, პური, მაგრამ სკოლაში სინათლის, სითბოს და სხვების არ არსებობა…”.
სტუდენტებთან ურთიერთობმ, რომლებიც სტაჟირებას საზღვარგარეთ გადიოდნენ, წასვლის სურვილი “გადასდეს” და ერთ ზაფხულს, ანნა ძმასთან ერთად აშშ-ში წავიდა სამუშაო ვიზით.
მაშინ ინგლისური ენის მასწავლებელს და მეორე პროფესიით იურისტ ანას საოფისე სამუშაო შესთავაზეს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს თაღლითობა იყო. მან იგრძნო, თუ როგორია აშშ-ში მიგრანტის ცხოვრება.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და აქ ჩავედით, როგორც გაირკვა, ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. საოფისე სამუშაო, რომელსაც გვთავაზობდნენ, იყო უბრალო სამუშაო სასტუმროში. ძმას სხვა სამსახური შესთავაზეს, სალათ-ბარის რესტორანში, რადგან ინგლისური სრულყოფილად არ იცოდა და მასაც მისცეს სხვა სამსახური, ჭურჭლის რეცხვა. ამ ყველაფერში ერთადერთი, რაც მომეწონა, ფლორიდაში წასვლა იყო, სადაც მინდოდა წასვლა. სანამ ჩვენ კომპანიას ვუკავშირდებოდით, რომელმაც აქ გამოგვაგზავნა, გადავწყვიტეთ, რომ, მას შემდეგ, რაც ფულს მივიღებთ, უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ ეს არც ისე მარტივი იყო. ეს კომპანია მოსკოვში დაიკეტა, საბოლოოდ, ფული არ მოგვცეს”.
თავდაპირველად, ფულის შეგროვებისთვის, ანნას და მის ძმას ნებისმიერ სამუშაოზე უწევდათ დათანხმება.
“რეალურად ყველაფერი რთული იყო, რადგან ჩვენ სხვა ატმოსფეროში მოვხვდით. ახალი ადამიანები, მენტალიტეტი, არ გვესმოდა ხალხს რა იზიდავდა ამერიკაში. აშშ-ში თუკი მანქანა არ გყავს, თუკი საკუთარი კუთხე არ გაქვს, შენ დაბალ ფენაში ხვდები. წარმოგიდგენიათ, ამდენი განათლებით, მუშაობით და დაბალ ფენაში მოხვედრა”.
ნათქვამია, ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა. შანსი ჩვენმა გმირმაც მიიღო. ერთხელაც ის ხელმძღვანელობამ შეამჩნია, და მას შემდეგ, მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა.
“ამერიკა შეიძლება იყოს მშვენიერი და შეიძლება იყოს საზიზღარი. მე საოფისე სამსახური შემომთავაზეს. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, რადგან, როდესაც საოფისე სამსახური მივიღე და ჩემი სტატუსის ხალხთან დავიწყე ურთიერთობა, მივხვდი, რომ ამერიკა, არც ისე ცუდია. ჩემს ძმას ჩემსავით არ გაუმართლა, მან ასე თუ ისე იშოვა სამსახური, მაგრამ, არც ისე მოეწონა, რადგან ენასთან დაკავშირებით უჭირდა. ენის სწავლას არც ცდილობდა, სახლისკენ უწევდა გული. მას შემდეგ, რაც უკან დაბრუნდა, მეც არ ვაპირებდი დიდხანს დარჩენას, რადგან ეს მაინც არ იყო ჩემი სახლი, ეს რაღაც უცხო იყო”.
სხვა ქვეყანაში გადასვლისას, მიგრანტი საუკეთესო ცხოვრებაზე ოცნებობს, მაგრამ მუდამ არ ითვალისწინებს სირთულეებს, რომლებსაც იმ მომენტისათვის უცხო ქვეყანაში აწყდება.
პირველ ხანებში ანა, ამერიკაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, რამდენიმე შტატში სწავლა მისთვის მიუწვდომელი იყო მიგრანტებისთვის დაწესებული მაღალი ფასების გამო და ნიუ-ჯერსიში იურისტის თანაშემწის პროფესია შეისწავლა.
“საბოლოოდ იურისტობა შევისწავლე, ავიღე დიპლომი და ახლა ყველა იურიდიულ საგანს ვასწავლი, ვაკეთებ იმას, რასაც რუსეთში ვაკეთებდი”.
ანა თვლის, რომ მიგრანტისადმი ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ, როგორი მიგრანტი ხარ. არალეგალი თუ არ ხარ, იხდი თუ არა გადასახადებს.
“არის რაიონები, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ, მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობს, ქალი კი სახლში ზის და 10 ბავშვს აჩენს. ყოველ ბავშვზე ისინი გარკვეულ თანხას იღებენ, ამიტომ მშვიდად ცხოვრობენ, მეტი არც სჭირდებათ მათ. რადგან ხელისუფლება, განურჩევლად იმისა, გაქვს თუ არა გრინ-კარტა, არსებობის თანხას გაძლევს. მიგრანტებს სამედიცინო დაზღვევა უკეთესი აქვთ, ვიდრე, მაგალითად, ჩემს ქმარს, რომელიც Jonson & Jonson, მუშაობს და ყველაზე ძვირადღირებული დაზღვევა გვაქვს. ანუ, თუ ექიმთან დავდივარ, მომსახურების ღირებულების 40%-ს ვიხდი, პრინციპში, ეს ცოტა არ არის. მიგრანტებს კი სახელმწიფო აძლევს დაზღვევას, სადაც ყველაფერი უფასოა მათთვის. ამიტომ ისინი სახელმწიფოს იმედად ცხოვრობენ. შეიძლება, რამდენიმე წლის უკან, ეს არ მესმოდა, მაგრამ ახლა მესმის, რატომ არ უნდათ ქვეყანაში მიგრანტების შეშვება”.
მეორე თაობა – გაიანე ბიჩახჩიანი (რუსეთი)
გაიანე- ინჟინერ-მშენებელია. როდესაც ის მოზარდი იყო, მთელი ოჯახი ახალქალაქიდან რუსეთში, მოსკოვში გადავიდა. მიზეზი იყო შემდეგი, მამა თავიდან სეზონურ სამუშაოებზე მიდიოდა, შემდეგ კი მთელი ოჯახის წაყვანა გადაწყვიტა. ასე აკეთებს საზღვარგარეთ მომუშავეთა უმეტესობა, რომლებმაც საზღვარგარეთ სტაბილური სამსახური იშოვეს.
გაიანემ მიგრანტის გაგება თავისთვის ფსიქოლოგიურად განსაზღვრა. საკუთარ ოჯახს ის ეკონომიკურ მიგრანტებს უწოდებს.
“როდესაც მამამ რუსეთში წაგვიყვანა, 12 წლის მოზარდი ვიყავი, ეს კი ბავშვისთვის საკმაოდ რთული პერიოდია, მაგრამ სირთულეები სხვადასხვაგვარია, ერთი მხრივ, მოხარული ვარ, რომ ემიგრაცია გააზრებულ ასაკში მოხდა, რადგან მოვასწარი საკუთარი კულტურის გაცნობა და სომხური ენის სწავლა. ძალიან ბევრი მიგრანტი, რომელთა ბავშვები იბადებიან აქ, ან საერთო არ ლაპარაკობენ, ან მხოლოდ ესმით, ან ძალიან ცუდად საუბრობენ მშობლიურ ენაზე, ხოლო ზოგი გააზრებულად იწყებს სწავლას, მშობლების გარეშე. მეორე მხრივ, მოზარდობის ასაკში არიან მეგობრები, გარკვეული ინტერესები ყალიბდება და, გარკვეულ მომენტში, როდესაც ყველაფერს ტოვებ და სხვაგან გადადიხარ, გესმის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო – სუბკულტურები ერთმანეთს ეჯახება. არ გესმის ეს ადამიანი, რატომ იქცევა ასე, შენთან ხომ სხვაგვარად არის მიღებული?”.
ინტეგრაციის მნიშვნელოვან ფაქტორად გაიანე ენის ცოდნას თვლის, ჩვეულებრივ მშობლები ამაზე წინასწარ ზრუნავენ.
“როდესაც ჩვენ გადავედით, ენა უკვე ვიცოდი, ვლაპარაკობდი, მესმოდა, ვკითხულობდი- ეს მშობლების მუშაობის შედეგია. მე და ჩემი და შეგვამზადეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ფსიქოლოგიურ სფეროში შედიხარ, ჯერ არ გესმის, არ იცი, როგორ მოიქცე და საერთოდ არ გემის, რაზე საუბრობენ გარშემო, ეს დიდი სტრესია. აი, ამიტომ, როდესაც მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ერთ-ორ წელიწადში გადავიდოდით, დაიწყეს ჩვენი მომზადება. მე რუსულის კურსებს გავდიოდი და პირდაპირ რუსულ სკოლაში შევედი, ჩემი და კი დღემდე ცუდად კითხულობს სომხურ ენაზე, მე ამის პრობლემა არ მაქვს”.
ჩვეულებრივ პატარა, პროვინციული ქალაქის შემდეგ ადაპტაცია ბევრად რთულია.
“მეგობრები მყავდა, მაგრამ ეს ის ურთიერთობა არ იყო, რაც ახალქალაქში. არ იყო გახსნილობა, კეთილგანწყობა, შენ მათგან განსხვავდები, სიფრთხილით გიყურებენ. შენ შავი თმა გაქვს, მათთან შედარებით მუქი ფერის კანი. ალბათ, ეს აშინებდათ. მაგრამ სკოლაში სერიოზული პრობლემები არ ყოფილა. სკოლა ახალქალაქის სკოლისგან განსხვავდებოდა. ახალქალაქი-პატარა ქალაქია. ყველა ერთმანეთს იცნობს, ისინი კეთილგანწყობილნი არიან, აგრესიულად არ არიან განწყობილნი, ხოლო უცხო გარემოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ყველა ჩამოსულია და უცხო ქალაქში დამკვიდრებას ცდილობს. შესაბამისად, ისინი აგრესიულად არიან განწყობილნი. თავიდან ცუდად რეაგირებ, ჩემთვის გაურკვეველი იყო, სომეხი რადგან ვიყავი, რატომ აკნინებდნენ ჩემს სახელს. თავიდან, რაღაც კომპლექსები გეწყება. იქნებ, სახელი შევიცვალო, რომ გაუმარტივდეთ? მსგავსი აზრები გიჩნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გაივლის”.
მიგრანტების პირველ თაობას უფრო ურთულდება, ვიდრე მეორეს. ხოლო მესამე თაობა იმ საზოგადოებას შეერევა, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს.
“რუსეთში, როგორც სხვა ქვეყნებში, მიგრანტი მეორეხარისხოვანი ადამიანია, რამდენად უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. რადგან სამუშაოს არავინ მოგცემს, პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებენ. ეს ყველგან ასეა. რადგან ეს ადგილობრივი მოსახლეობაა. არ ვთვლი, რომ ეს არასწორია. საუკეთესო სამსახური, საუკეთესო პირობები, პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებს. სხვა საკითხია, როდესაც ინტეგრირებული ხარ, იქ ცხოვრობ, იღებ განათლებას, იხდი გადასახადებს, მაშინ შეგიძლია გარკვეულ დონეზე კონკურენტუნარიანი გახდე”.
მიგრაცია ქმართან – გაიანე პ. (ნიდერლანდები)
ახალქალაქელი გაიანე გათხოვდა და ევროპაში მეუღლესთან გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახი და იქ დაბადებული ბავშვები ჰყავს, მაინც ვერ ეჩვევა მარტოობას. იქ არც ახლობლები და მეგობარი არ ჰყავს. ყოველ წელს გაიანე ოჯახთან ერთად ახალქალაქში ჩამოდიოდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო წელს ვერ მოახერხა. ძალიან ენატრება სამშობლო და უკან დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ ეს ჯერჯერობით შეუძლებელია.
“უკვე 16 წელია ჰოლანდიაში ვარ. გავთხოვდი. ქმარი ახალქალაქიდან არის, მაგრამ დიდი ხანია ჰოლანდიაში ცხოვრობს. ადაპტაცია რთული იყო და დღემდე რთულია. ენა ვისწავლე, ფლამანდური ენა რთულია, მაგრამ ყველა გამოცდა ჩავაბარე. როდესაც ჩამოვედი, 6 თვე სკოლაში დავდიოდი. თავიდან პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, შემდეგ დიდ ქალაქ ბრედაში გადავედით. აქ მიგრანტებს ნორმალურად ექცევიან. ნორმალურია, როდესაც იგნორირებას არ გრძნობ, მაგრამ, არც მეგობრობას. ჰოლანდიელები ერთი შეხედვით მეგობრულები არიან, მუდამ გესალმებიან, მაგრამ მეტ ყურადღებას აქ ვერ ვგრძნობ. 16 წელიწადში უკვე მივეჩვიე. ჩვენ ბავშვებს სხვაგვარად ვასწავლით- ისინი სხვაგვარად. . ბევრი ვიცი, რომ ახალ კულტურას და ცხოვრებას შეეჩვია, და ვიტყვი, რომ ეს სწორია”.
სამსახური, საუკეთესო ცხოვრების ძიება, როგორც წესი, ეს ფაქტორები გვიბიძგებს ემიგრაციისკენ, ადამიანები ყველაფერს ტოვებენ და უცხო ქვეყანაში გადადიან.
“სამსახური არის, ან თუ არა, მონახავენ. სამსახურის გარეშე დარჩენის უფლება არ გაქვს. ისინი მინიმალურს გაძლევენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მუშაობა. ნებისმიერი სამუშაო უნდა შეასრულო, რასაც გეტყვიან. არ შეიძლება შემწეობას ელოდო და არაფერი აკეთო. თუ ავადმყოფი ხარ, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, მხოლოდ მაშინ. ჩვენ შემწეობას არ ველოდებით, მეუღლე მუშაობს. ჩვენი ოცნება უკან დაბრუნებაა”.
ემიგრაციაში განათლებისთვის – სიმონ ღარიბიანი (გერმანია)
სიმონი – თბილისელი სომეხი, წარმოშობით ახალციხიდან. როდესაც საშუალო განათლება მიიღო, რუსეთში გადავიდა, სადაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა. თუმცა, რუსეთი ემიგრაციის საბოლოო ქვეყანა არ იყო. ახლა ის გერმანიაში კერძოდ, ქალაქ ბერლინში სწავლობს.
“მე რუსულ სექტორში ვსწავლობდი, სწავლის გაგრძელებას რუსულ უნივერსიტეტში ვგეგმავდი. როსტოვში ჩავედი, იქ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვსწავლობდი და შემდეგ მივხვდი, რომ განათლებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად უფრო მეტი მჭირდებოდა. შემდეგ მაგისტრატურაში ჩაბარება მინდოდა. გერმანული ენა არ ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი ინგლისური, მე ინგლისურენოვან პროგრამებს ვეძებდი. გერმანიაში ბევრი ინგლისურენოვანი პროგრამა მოქმედებს, სამაგისტრო და PHD, ან შერეული- ინგლისური და გერმანული. ინტერნეტში ავკრიფე დისციპლინა, რომელიც მაინტერესებდა და, რაღაც სია ვიპოვე”.
ორ თვეში, საბუთების შეგროვების შემდეგ, სიმონი სასწავლებელში მიიღეს. უკვე 2 წელია ბერლინში სწავლობს.
რით არის კარგი გერმანია, იქ განათლებაა უფასო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც კი, პლუს- ბევრი სტიპენდიის პროგრამა არის. იქ უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო პროგრამა კარგად არის განწყობილი სტუდენტის მიმართ, ყველაფერი სტუდენტებისთვის კეთდება. არის სოციალური შეღავათები, დაზღვევა, სტუდენტებისთვის უფასო ტრანსპორტი, ზოგიერთი სპორტული დარბაზის მომსახურება- ჩვეულებრივზე იაფია. საერთო ჯამში, სტუდენტები აქ თავს კარგად გრძნობენ, ვთქვათ, რუსეთთან შედარებით.
რით არის კარგი გერმანია – იმით, რომ სტუდენტებს მუშაობის უფლება აქვთ. რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტს მუშაობის უფლება არ აქვს. მარტივია ადაპტაცია, მით უმეტეს გერმანიაში სტუდენტებისთვის ყველა კარი ღიაა. როდესაც ჩამოვედი, არ ვიცოდი გერმანული ენა. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ყველაფერი გაიგო. ვიცოდი ინგლისური ენა, ეს გერმანიაში ჩემი საკომუნიკაციო ენა იყო”.
სიმონს თბილისში დაბრუნება უნდა, თუმცა ხვდება, რომ მას საქართველოში თავიდან ადაპტაცია გაუჭირდება.
“მაქვს იდეა, თბილისში დავბრუნდე, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვცხოვრობდი საქართველოში, ახლა უკან დაბრუნება ახალ ქვეყანაში ჩასვლას ნიშნავს”.
ბევრი საუკეთესო ცხოვრების ძებნაში საკუთარ სამშობლოს ტოვებს, ნაკლებად წარმოიდგენენ, რა ელოდებათ წინ. სხვებს არჩევანის უფლება არ აქვთ, მათ მაგივრად ომმა, ეკოლოგიურმა კატასტროფამ, ავადმყოფობამ მიიღო გადაწყვეტილება. მიგრაციის ყველა უარყოფითი ასპექტის მიუხედავად, ბევრი, მაინც ოცნებობს სამშობლოს დატოვებაზე, უკეთესია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ.