ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის მოსახლეობა ჩივის, რომ წყალგაყვანილობის პრობლემა ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მოგვარებული, სოფელში კი უკვე ახალი პრობლემა გაჩნდა. მოსახლეობა წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულებით უკმაყოფილოა. ამ სამუშაოებზე ტენდერი, კომპანია “უნივერსალ ჯორჯია 2008”-მ 899`970 ლარით მოიგო.
სოფელ ხორენიის მოსახლეობა უკმაყოფილოა, მათ სოფელში წყალგაყვანილობის სამუშაოების ჩატარებით, რომელსაც მოგებული კომპანია ატარებს. მოსახლეობის თქმით, ისინი წესდების მიხედვით კი არ მუშაობენ, არამედ ისე, როგორც თავად აწყობთ.
სოფლის მცხოვრების ბაგრატ მკრტჩიანის თქმით, არხის სიღრმე, სადაც წყლის მილები გაივლის, უნდა შეადგენდეს 80სმ, თუმცა მომუშავეებმა 20-30სმ სიღრმის არხი ამოთხარეს.
“მილების უფრო ღრმად ჩამარხვა იყო საჭირო, რათა ზამთარში წყალი არ გაიყინოს. ყველაფერი წესდების მიხედვით უნდა გაკეთდეს, და ისინი აკეთებენ ისე, როგორც აწყობთ”,- ამბობს ის. მისი მტკიცებით, კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არავინ აკონტროლებს, ამიტომ აკეთებენ ისე, როგორც უნდათ.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ წყალგაყვანილობისათვის ამოთხრილ არხებს, ქვიშის სანაცვლოდ, საბოლოოდ ქვები დააყარეს.
“ჩვენ მოვითხოვთ, რომ კომპანიამ სამუშაოები ისე შეასრულოს, როგორც წესდებაშია მოცემული”,- ამბობს ბაგრატ მკრტჩიანი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, თუკი ახლო მომავალში კომპანია შეცდომებს არ გამოასწორებს, ისინი მზად არიან უკიდურეს ზომებს მიმართონ.
სოფელ ხორენიაში მერის წარმომადგენლის არკადი ფიდანიანის თქმით, მან პრობლემის არსებობის შესახებ იცის და მოწვეულია დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაცია “ქრიზოლითი”, რათა მან სამუშაოები შეამოწმოს. მისი მტკიცებით, თუკი სამუშაოები სტანდარტების შესაბამისი არ იქნება, კომპანია აუცილებლად გამოასწორებს შეცდომებს.
როგორც ქ.ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი ამტკიცებს, ამჟამად სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის.
“კომისია მივა და შეამოწმებს. თუკი კომპანიამ რაიმე წესდების მიხედვით არ შეასრულა, ჩვენ შეცდომების გამოსწორებას დავავალდებულებთ. თუკი ზოგიერთ ადგილას უფრო ღრმა არხის ამოთხრა ფიზიკურად შეუძლებელია, ჩვენ გავზომავთ და შესრულებული სამუშაოს შესაბამისად გადავუხდით. რაც შეეხება ქვებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველაფერს აიღებენ”,- კომენტარი გააკეთა მან.
ცენტრალური ხაზის საერთო სიგრძე, წყაროდან სოფლამდე, 12კმ-ს შეადგენს. სოფელ ხორენიაში წყალგაყვანილობის ყველა სამუშაოსთვის 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 500 000 ლარი, დანარჩენი თანხა- 462 928 ლარი- 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. პროექტის საერთო თანხა 962 928 ლარს შეადგენს. თუმცა, კომპანია “უნივერსალ ჯორჯია 2008”-მ ტენდერი 899 970 ლარით მოიგო.