ქალაქიდან სიშორე, გაზმომარაგების არარსებობა, ცუდი გზები, ახალგაზრდების დაუსაქმებლობა, თურქეთთან სიახლოვე – პრობლემები, რომლებიც ხავეთელებს აიძულებს სოფელი დატოვონ. ისინი უკეთესი ცხოვრების საძიებლად მიდიან, რათა მათმა შვილებმა გაჭირვება არ გამოცადონ.
“ბავშვობიდან ფეხბურთის თამაში მინდოდა, მაგრამ ქალაქში ჩასვლა ყოველთვის პრობლემატურია, ვერც მეცადინეობებზე ვიარე, ახლა კი უკვე გვიანია. ჩემს მომავალს სოფელში ვერ ვხედავ. თუმცა მინდა მისთვის რაღაც გავაკეთო, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერაფერს შევცვლით. პრობლემები მოგვარების მაგივრად, წლების განმავლობაში გროვდებოდა,”- განმარტავს ფარნავაზ სიმონიანი, სოფელ ხავეთიდან. ფარნავაზი მომავალი სტუდენტია, წელს სკოლას ამთავრებს და სასწავლებლად მიდის.
ხავეთში ხალხი როგორც მეცხოველეობით, ისე სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, რაც სოფლის მოსახლეობის მთავარი საარსებო წყაროა.
სოფლის მცხოვრებთათვის გადაუჭრელ პრობლემად მოპოვებული კულტურების რეალიზაცია რჩება. მყიდველები სოფელში მაშინ ჩადიან, როცა სხვა სოფლებში პროდუქცია აღარ რჩება.
ხევეთელ ბავშვებს ბავშვობა არ აქვთ, ისინი ადრეული ასაკიდან მძიმე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით კავდებიან – მთაში მწყემსობიდან დაწყებული მინდორში მუშაობით დასრულებული.
„როცა პატარა ვიყავი და მინდორში ბალახის ან კარტოფილის მოსაკრეფად დავდიოდი. ვოცნებობდი ისეთი ცხოვრება მქონოდა, ეს საქმე აღარ მეკეთებინა. სკოლა რომ დავამთავრე მშობლებმა სასწავლებლად გამიშვეს, თუმცა არდადეგებზე ყოველთვის სოფელში მოვდივარ და ვცდილობ ოჯახს დავეხმარო. უმრავლესობა ასე ცხოვრობს. სწავლის დროს ბევრი ახალგაზრდა გავიცანი, რომლებსაც წინსვლისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინი არასწორად მართავენ თავიანთ ცხოვრობას. ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა კი, მიუხედავად ამდენი სირთულისა, ცდილობს საწადელს მიაღწიოს, წინ წავიდეს, რომ შვილებმა მაინც იცხოვრონ უკეთესად“, – ჰყვება თბილისში სასწავლებლად ჩასული ხავეთელი სტუდენტი. მალე უნივერსიტეტში სწავლას დაასრულებს და ქალაქში მაღალანაზღაურებად სამსახურს იშოვის – მომავალს სოფლის გარეთ ააშენებს.
სოფელში ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადგილები არ არის და თავისუფალ დროს ტელეფონთან ატარებენ.
ჟანაც თბილისში სწავლობს, მოსამზადებელი კურსის სტუდენტია. სამშობლო უყვარს , მაგრამ სოფელში მომავალს ვერ ხედავს.
„პრობლემები სოფლის დატოვებას გვაიძულებს. მშობლიური მიწა როგორც არ უნდა გიყვარდეს, სოფელი უპერსპექტივოა. ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის გასატარებელი ადგილები არ არის. ხალხი ტელეფონით კავდება, საკაბელო ინტერნეტიც ბოლო წლებში გახდა ხელმისაწვდომი, არც სატელეფონო კომუნიკაციაა ნორმალური. მხოლოდ მაგთია ხელმისაწვდომი და ისიც ძვირი ჯდება, ბილაინი კი ყოველთვის და ყველგან არ იჭერს. ონლაინ გაკვეთილებს ინტერნეტის უქონლობის გამო ვაცდენდი. მათ, ვინც სოფელს ტოვებს, დაბრუნება არ უნდა, სტუდენტი იქნება თუ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული“, – ამბობს ჟანა პეტროსიანი.
არუსიკი ახალქალაქში დალაქობას სწავლობს და მომავალ წელს უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. ამბობს, რომ სოფლის პრობლემები, რომლებსაც ახალგაზრდები ვერ გადაჭრიან, დღითიდღე იზრდება, რაც უახლოეს მომავალში ხავეთს ერთ-ერთ მოჩვენებათა სოფლად გადააქცევს.
„უბრალოდ ქალაქი ჩასვლა ძვირია. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება გაზი და ფუნას ვწვავთ. პრობლემების ჩამოთვლა უსასრულოდ შემიძლია“, – აცხადებს არუსიკ მკრტჩიანი.
ახლა სოფელ ხავეთში 55 ოჯახი ცხოვრობს, ხოლო 2 000-იან წლებში კი 100-მდე იყვნენ. სოფელში აღნიშნავენ, რომ მასობრივი მიგრაცია კორონოვირუსისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შენელდა, მაგრამ როგორც კი მდგომარეობა დასტაბილურდება, ბევრი წავა.
ხელისუფლებამ არც კი იცის, რომ ასეთი სოფელი არსებობს: ხავეთის მკვიდრი
ხავეთის მოსახლეობა სოფლის გზაზე “კი არ დადიან, არამედ ცურავენ”