ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ჯერ ახალქალაქამდე მისასვლელი გზა სჭირდებათ, ხოლო შემდეგ უკვე ევროპისკენ მისწრაფება. მუნიციპალიტეტის დაშორებულ სოფელში ღუმელს წივით ანთებენ და იმედოვნებენ, რომ მათზე იზრუნებენ.
სოფელ ხავეთში დაახლოებით 55 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. წელს სოფლის მოსახლეობას პრობლემები დაემატა იმის გამო, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხეს. ხავეთის მოსახლეობა სამუშაოდ ძირითადად რუსეთში დადის.
სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა- არ არის ნორმალური გზა, საბავშვო ბაღი, სპორტული დარბაზი, ამბულატორია, სოფელში ასევე არ არის ბუნებრივი აირი. აქ ყველა წივით თბება.
როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა უშედეგოდ.
“ჩვენ არაფერი გვაქვს, ხელისუფლებამ არც კი იცის, რომ მუნიციპალიტეტში ასეთი სოფელი არსებობს. ჩვენ მათ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით”,- ამბობს ლერნიკ პეტროსიანი.
სოფლის მოსახლეობა ჩივის იმას, რომ ცხოვრობს 21-ე საუკუნეში, მაგრამ სახლის გასათბობად ღუმელს წივით და შეშით ანთებს. ბევრმა ჯერაც ვერ მოახერხა შეშის ყიდვა.
სოფელში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საჭიროა 50 ლარი იმისათვის, რომ ქალაქში წახვიდე და უკან დაბრუნდე. როგორც მოსახლეობა ამტკიცებს, ბევრ ტაქსისტს ამ გზაზე მგზავრობა არ უნდა და ხშირად უარს ეუბნებიან.
“კომუნალური გადასახადების დასაფარად, გზაზე, ქალაქში ჩასასვლელად 50 ლარი უნდა დავხარჯოთ, რადგან სოფელში გადასახადი ტერმინალი არ გვაქვს”,- ამბობს სოფლის მცხოვრები სამველ პოღოსიანი.
სოფლის სხვა მცხოვრების, ლიპარიტ პეტროსიანის თქმით, მას არ ახსოვს გზები ბოლოს როდის მოაპირკეთეს.
“ამბობენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლა უნდა, როგორ, ამიხსენით. ჩვენ ჯერ ახალქალაქამდე მისასვლელი გზა გვჭირდება, შემდეგ უკვე შესვლა ევროპაში”,- ამბობს ის.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. მოსახლეობას სურს, რომ ხელისუფლებამ მათ წელიწადში ერთხელ მაინც მიაქციოს ყურადღება.