ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლას ორ მაცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი აჭარაში, ქორწილში იმყოფებოდნენ. თანასოფლელები ადიგენში დაახლოებით, 10 დღის წინ დაბრუნდნენ, მამაკაცს ვირუსი 19 სექტემბერს აღმოაჩნდა, ქალს კი 20-ში.
კარანტინში გადაიყვანეს ინფიცირებული მამაკაცის ცოლ-შვილი და ქალის და-ძმა, მათი მშობლები კი თვითიზოლაციაში რჩებიან.
ჭეჭლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიგენის მერის წარმომადგენლის თქმით, ტესტირება ჩაუტარდათ მოხეს და ღორთუბნის მოსახლეობას, რომლებიც ამავე ქორწილში იმყოფებოდნენ. სოფელ ჭეჭლაში 30-მდე პირის გამოკვლევა მოხდა, ყველას პასუხი უარყოფითია.
ინფიცირებულ მამაკაცს ანალიზი ახალციხის კლინიკა „იმედში“ აუღეს.