ახალქალაქში ბევრი ადამიანი COVID-19-ით ინფიცირების ფაქტს მალავს, რადგან საზოგადოებაში არასასურველ ადამიანად ყოფნის და უარყოფის ეშინიათ. JNEWS-ი საკუთარ სტუდიაში ორ ყოფილ ინფიცირებულს – სუზანას და ანაიტს (სახელები მოგონილია) ესაუბა, რომლებიც ტკივილთან და ფიზიკურ სისუსტესთან ერთად ამა თუ იმ დონეზე საზოგადოებისგან ზემოქმედებას გრძნობდნენ.

სტუდიის სტუმრების სახელები მათი თხოვნით შეცვლილია

JNEWS: შემოდგომით, როცა კორონავირუსის ეპიდემიის პიკს ვუახლოვდებოდით, ხალხი ინფიცირებულებს უყურებდა, როგორც კეთროვნებს. ყოველი ახალი შემთხვევისას დამნაშავის პოვნას ცდილობდნენ, რომელმაც ვირუსი სახლში, ან სამსახურში მიიტანა. ხოლო ინფიცირებულს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. სუზანა, ახალქალაქში პირველი შემთხვევა 2 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ამის შემდეგ, მალევე ვირუსი თქვენ გამოგივლინდათ. როგორი იყო კორონავირუსით ინფიცირება ახალქალაქში ეპიდემიის დასაწყისში?

სუზანა: სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომედგინა, რომ ერთ-ერთ პირველი ვიქნებოდი, მაგრამ, ფაქტობრივად, პირველი გავხდი. იმ ფაქტმა, რომ კორონავირუსით ვიყავი დაავადებული, ჩემზე არანაირი გავლენა არ იქონი, რადგან ადრე, თუ გვიან შეიძლება მომხდარიყო, ჩვენ ყველამ უნდა გადავიტანოთ ვირუსი, ამასთანავე, მე ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც დღეში ათასამდე ადამიანი მიდი-მოდის. უდიდესი სტრესი იყო ის, რომ პატარა ბავშვი უნდა დამეტოვებინა მარტო, ეს იყო აუტანელი. მით უმეტეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები თვითიზოლირებულები იყვნენ.

JNEWS: და ახლა ყველა იმათ აბრალებს, ვინც კორონავირუსი აჭარიდან «ჩამოიტანა», ამბობენ, რომ შავი ზღვის სანაპირო, რომ არ გაეხსნათ დამსვენებლებისთვის, ეპიდემია ამ ძალით არ ამოხეთქავდა. მაშინ, შემოდგომით, ვისაც რუჯი ჰქონდა, ცალი თვალით უყურებდნენ. მახსოვს როცა ხალხი სასწრაფოს იძახებდა, ეკითხებოდნენ, იყვნენ თუ არა ბათუმში, თუკი იყვნენ მათთან დამცავი ეკიპირებით მოდიოდნენ, თუ არა, ჩვეულებრივ. ხოლო თქვენს შემთხვევაში, იყო თუ არა კავშირი ბათუმთან?

სუზანნა: მე ძირითადად ის ფაქტი მაწუხებდა, რომ ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრის მხრიდან იყო დიდი ზეგავლენა. მეკითხებოდნენ, ვისთან მქონდა კონტაქტი, ვმალავ, რატომ არ ვეუბნები, რომ ბათუმში ვიყავი, რომ ვითომ მათ ინფორმაცია აქვთ, რომ ბათუმში ქორწილში ვიყავი და სხვა მსგავსი შეკითხვები. მე ბათუმში ნათესავები მყავს, მაგრამ ქორწილში არ ვყოფილვარ. ერთი დღე სამსახურში არ ვყოფილვარ იმიტომ, რომ ბავშვი მყავდა ავად, მათ იცოდნენ, რომ იმ დღეს სამსახურში არ ვყოფილვარ, იფიქრეს, რომ ბათუმში ვიყავი. ბათუმში, რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, არავისი მეშინია. ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყო, რომ ჩემი არ სჯერათ, მე სიმართლეს ვამბობდი და ჩემი არ სჯეროდათ, მე არ მიყვარს თავის მართლება. ეს ყველაფერი ჩემთვის სტრესი იყო, ბავშვის სახლში დატოვება, ჩემი სამსახური, ხოლო მეორე მხრივ, ხალხის უნდობლობა, სოციალური ზეგავლენა იგრძნობოდა.

JNEWS: მაგრამ იმ დროს ყველა ცდილობდა დაემალათა, რომ ინფიცირებულია თვითონ, ან ოჯახის რომელიმე წევრი. პირველი ინფიცირებულები ჟურნალისტებსაც კი ემუქრებოდნენ, რადგან ამის შესახებ მედიაში იწერებოდა, თუმცა მასალებში არავითარი პირადი მონაცემი არ იყო მითითებული. ხოლო თქვენ, პირველი იყავით, მაგრამ ამას არ მალავდით, რატომ?

სუზანა: დამემალა, რომ კორონავირუსით ვარ დაავადებული, გამოვსულიყავი და სხვა ადამიანებთან მქონოდა ურთიერთობა – ეს ძალიან ცუდი საქციელი იქნებოდა. იყო, როცა მეკითხებოდნენ, «კორონავირუსი გაქვს?». ხდებოდა, როცა ნათესავებს ურეკავდნენ, აზუსტებდნენ, მართალია, რომ კორონავირუსით ვარ დაავადებული. ისინი მალავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ არა, ხოლო მე ვეუბნებოდი- «რატომ ატყუებთ?», დამალვაში აზრს ვერ ვხედავ, ეს ხომ ის არ არის, რაც იყიდე, ეს – დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყველას შეხვდეს.

JNEWS: ძირითადად მიღებულია, რომ თუკი ადამიანი მუშაობს, მით უმეტეს დიდ კოლექტივში, ის «სახიფათოა», თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იმ ადამიანს, ვინც არ მუშაობს, შეიძლება სამუშაო საათების განმავლობაში უფრო მეტ ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა. სუზანა, თქვენ დიდ კოლექტივში მუშაობთ, როგორ მოქმედებდა ეს ფაქტი თქვენზე?

სუზანნა: სამუშაო ადგილას ხელმძღვანელობის რეაქციის მეშინოდა, იმაზე რა ვთქვა, რომ ასეთი მსხვილი და სერიოზული ორგანიზაცია ჩემ გამო დაიკეტა. მე არ მეგონა, რომ მხოლოდ ერთი დღით დაიკეტებოდა, იმ მომენტში მეგონა, რომ 10 დღეზე მეტი ხნით დაიკეტება. ასევე პერსონალზე ვნერვიულობდი.  რა თქმა უნდა, სიტუაციის გამო მოვუბოდიშე, რომელშიც ჩემ გამო აღმოჩნდნენ, მაგრამ მე მაშინვე მითხრეს, რა სამსახურზეა საუბარი, თავიდან საკუთარ თავზე უნდა იფიქრო და თუკი ფინანსური დახმარება დამჭირდებოდა, მიმემართა. დაავადების დროს მათგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ჩემი დაავადების გამოვლენის პროცესში, ჩემს სამუშაო ადგილას არავინ დაავადდა, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამოვლინდნენ ინფიცირებულები.

JNEWS: დიახ, ბევრი ჯერ კიდევ მალავს, და დაავადების შესახებ, რაღაც დროის მერე საუბრობს, მაგრამ ისეთ პატარა ქალაქში, როგორიცაა ახალქალაქი, ვერაფერს დამალავენ, აქ ცნობისმოყვარე ხალხმა სხვა ადამიანების შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე საკუთარ თავზე. და საბოლოოდ, როცა ორკვირიანი იზოლაციის შემდეგ პირველად გამოდიხარ, ფიქრობ, რომ ყველამ იცის, რომ ვირუსი გქონდა, როგორი შეგრძნება გაქვთ,, თქვენთან როგორ იყო ანაიტ?

ანაიტ: იცით, ქუჩაში როგორ მიყურებდნენ? შევეცდები ასე ავხსნა, არის ფილმი ზომბებზე, როცა გამოდიხარ და საშინელი გამოხედვით გიყურებენ, და შენ ფიქრობ «სად მოვხვდი!». ზუსტად ამ მიზეზით სახლიდან გარეთ გამოსვლაც არ მინდოდა. ერთხელ მე სამედიცინო პირბადით შევედი მაღაზიაში, მაღაზიის მფლობელმა უცნაურად შემომხედა და მითხრა: «შენ ხომ კორონავირუსი გქონდა, ასე არ არის?». სამსახურში პრობლემები არ ყოფილა, რადგან იქ ყველა დაავადდა.

JNEWS: რა დამოკიდებულება გქონდათ ვირუსისადმი მანამდე, სანამ თქვენ შეგხვდებოდათ, მერე შეიცვალა რამე?

ანაიტ: მე ღმერთს ვევედრებოდი, რომ არ შემხვედროდა, მაგრამ, მაინც გადმომედო. ჩემთვის ყველა დაავადება – ნორმალურია, ამას ნორმალურად ვიღებ, არ გავურბივარ. დაავადების დროს სხვა შეგრძნებები მქონდა. მაგრამ თუ შევადარებთ, მაგალითად, ჩვეულებრივ გრიპთან, ეს სულ სხვაა. მე სხვა ქრონიკული დაავადება მაქვს, ამიტომ მეშინოდა კორონავირუსით დაავადების.

JNEWS: და თქვენთან რა შეიცვალა, სუზანა?

სუზანა: თავიდან მაინტერესებდა, რატომ არ ვიცი არავინ, ვინც კორონავირუსით არის დაავადებული- ეს ფაქტი ჩემში ვირუსისადმი უნდობლობას იწვევდა, შემდეგ ვირუსი რუსეთში, სომხეთში ჩემს ნათესავებს და ნაცნობებს დაუდასტურდათ, მაშინ დავრწმუნდი, რომ ვირუსი ნამდვილად არსებობდა. შემდეგ ჩემში რაღაც შიში იყო – რა გველოდება ჩვენ, ვინც COVID-19 გადაიტანა, შეიძლება, რამდენიმე წელში ჩვენში რამე ახალი გამოვლინდეს, ჯერ არავინ იცის, ამ ვირუსმა ჩვენს ორგანიზმს რა გაუკეთა.

JNEWS: დიახ, რა თქმა უნდა, ვინც პირველად დაავადდა რთულად გადაიტანეს. მაგრამ საზოგადოების მხრიდან სტიგმატიზაციის პროცესი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ახალქალაქში, თითქოს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ვინც ვირუსი გადაიტანა, მათაც კი სხვანაირად უყურებენ. ისტორიები, რომელთა შესახებ Jnews-ს ახალქალაქის მცხოვრებლებმა გაუზიარეს, ხშირად გვხვდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამას შეესწრო: ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა ექიმი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა. მაღაზიის მფლობელმა იქ მყოფ ხალხს მაშინვე აცნობა და ურჩია შორს დგომა, რადგან მას კორონავირუსი ჰქონდა, ის მალევე მოემსახურა მას და მაღაზიიდან გააცილა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ უფრო მეტად არის ინფორმირებული, ვიდრე პირველი ტალღის დროს, დაავადებულების სტიგმატიზაცია ახლაც წარმოადგენს პრობლემას. ზუსტად ამაში მდგომარეობს მიზეზი, რომ ჩვენი რესპონდენტები იდენტიფიკაციის გარეშე საუბარზე დაგვთანხმდნენ.