ახალქალაქში დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მომზადების ახალი ცენტრი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები ბაზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

baza5

სამინისტროს ცნობით, ახალქალაქში საბჭოთა კავშირის დროინდელმა, ძველ ბაზამ ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა მიიღო. კერძოდ, ბაზაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის ყაზარმები და სასადილოები შეიცვალა და მოპირკეთდა, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და მთლიანად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები.

სამხედრო მომზადების ახალ ცენტრში ერთდროულად მიიღება 800-მდე ახალწვეული, საკონტრაქტო ჯარისკაცი და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი. საწყისი სამხედრო მომზადების კურსის ხანგრძლივობაა 10 კვირა, რომლის განმავლობაშიც ახალწვეული იწვრთნება სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში და საწყის სამხედრო უნარებს იძენს. კურსის განმავლობაში, ახალწვეული უზრუნველყოფილია საკვებით, სამხედრო ფორმით და ტექნიკით ისევე, როგორც სამედიცინო დაზღვევითა და საცხოვრებელი ზონით.

baza3

“საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედრო მომზადების (BCT) კურსებზე ჩარიცხულ ახალწვეულებს გადაეცემათ 500 ლარის ანაზღაურება. ცენტრის დაარსების დღიდან, რამდენიმე ათეულმა ახალწვეულმა საწყისი სამხედრო მომზადება უკვე გაიარა”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

baza4