ახალციხეში მდებარე რესტორნის მეპატრონე, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულის დედის ქელეხის სუფრა მოამზადეს, აცხადებს, რომ პოლიციამ ისინი გუშინ, 18 სექტემბერს, გვიან ღამით დააჯარიმა.
რესტორნის მეპატრონეს თქმით, მას 250 კაცზე სუფრის გაშლის გამო, დარღვევას აბრალიან, თუმცა, მისი მტკიცებით სუფრა მხოლოდ 10 ადამიანისთვის გაიშალა.”მითხრეს მოიყვანე მოწმეები, რომ ნამდვილად 10 კაცზე გქონდა გაშლილი და ჯარიმას გავაუქმებთო“, – ამბობს მეპატრონე.
იგი მოწმეების მიყვანას პოლიციაში დღეს, 19 სექტემბერს გეგმავს. კამერები გათიშულია, ამიტომ მიმტანები და მზარეულები დაადასტურებენ, რომ 13 სექტემბერს სუფრა მხოლოდ 10 კაცზე გაიშალა.
მისივე თქმით, აღნიშნული სუფრის გასაშლელად ერთ–ერთმა ადგილობრივმა დაურეკა და თავად ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია. ქელეხის სუფრის სტუმრებთან, მხოლოდ ორ თანამშრომელს ჰქონდა შეხება და მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ.
გუშინ, 18 სექტემბერს რესტორან “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრეს, რომ დაწესებულება დაიკეტა, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ კვლავ აგრძელებენ მუშაობას: “ღიაა, მაგრამ გუშინდელის შემდეგ ჩვენთან არავინ მოსულა, უსაფრთხოების ნორმებს ვიცავთ, კლიენტებს მხოლოდ ღია სივრცეში, ეზოში მოვემსახურებით. არც არავის მოუთხოვია, რომ უნდა დაგვეკეტა, დეზინფექცია ჩავატარეთ”.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებული პირის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 18 სექტემბერს გავრცელდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა კონტაქტში მყოფი პირები საკარანტო სივრცეებში გადაიყვანეს, მანამდე კი ტესტირება გაუკეთეს. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ დღეს, 19 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი პირია გადაყვანილი საკარანტინო სივრცეებში.