სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა. სკოლებში სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა:

სკოლაში შესვლამდე:

  • თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას
  • სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას;
  • დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე;
  • თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში:

  • სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით
  • მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით
  • ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში

მოსწავლის ტრანსპორტირება:

  • სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩატარდეს მოსწავლის თერმოსკრინინგი;
  • 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება ;
  • დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება

ასევე, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.