ენზელ მკოიანი, ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ დღეს, როცა მისი წინასაარჩევნო შტაბი გაიხსნა, ფინანსურმა პოლიციამ მისი ძმის კომპანიაში შემოწმება ჩაატარა, ხოლო მის მხარდამჭერებს ემუქრებიან.
დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა დღეს, JNEWS-ის რედაქციაში დარეკა და განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
“ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანდიდატურა მოვხსნა, მაგრამ მე ბოლომდე წავალ, რომ მესროლონ მაინც. სამჯერ დამირეკეს, მეუბნებოდნენ კანდიდატურა მომეხსნა, მაგრამ არ მოვხსნი. მათი სახელები პროკურატურას გადავეცი, ახლა ვერ დავასახელებ”, – ამბობს მკოიანი.
მკოიანის თქმით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში წინასაარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გაზგამანნაწილებელ კომპანია SJGC-ში მივიდნენ და შემოწმება დაიწყეს. ამ კომპანიის აქციების 40%-ის მფლობელია მკოიანის ძმა. როგორც დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, ეს მის წინააღმდეგ არის მიმართული.
“დღეს ქალაქში 30 პოლიციის მანქანაზე მეტი შემოიყვანეს, ყველა, ვინც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა – დააკავეს, დაახლოებით 30-40 ადამიანი, ყველა დააჯარიმეს, ერთი სიტყვით, აშინებენ. მეორე რიგში, ფინანსური პოლიცია გაზგამანაწილებელ კომპანიაში შევიდა, ყველა დოკუმენტი შეკრიბა და დაბეჭდა. ეს კომპანია სუფთად მუშაობს. მათ იპოვეს 10 ადამიანი ჩვენი ოპონენტებიდან, რომლებმაც განცხადება დაწერეს, თითქოს, ბუნებრივი აირის მრიცხველები მეტს წერს, ამიტომ შეაგროვეს დოკუმენტები. მე ვაცხადებ, რომ ეს კონტრარჩევნებია, არ შეიძლება ხალხისთვის შექმნილ ბიზნესზე ზეგავლენა. ავიღეთ მილიონობით კრედიტი, რაიონში ბუნებრივი აირი გავიყვანეთ, ხოლო დღეს, ხალხს აშინებენ, აკავებენ, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ და მათ დაექვემდებარონ”, – განაცხადა მკოიანმა.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ახალქალაქში წინასაარჩევნო შტაბი გახსნა
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 31 ოქრტომბერს, ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შემდეგ, მკოიანი დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
აღსანიშნავია, რომ ენზელ მკოიანი მმართველი პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატია 1999 წლიდან დღემდე.