დღეს, წინასაარჩევნო აგიტაციის მეოთხე დღეა. ახალქალაქში, შენობების კედლებსა და ბილბორდებზე პოლიტიკოსების სახეები გამოჩნდა, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. თუმცა, ახალქალაქში, უკვე მოასწრეს ზოგიერთი სარეკლამო პლაკატის ჩამოხევა.
ერთი დღეც არ გასულა, რაც კედლიდან, რომელიც მერიისა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” შტაბის წინ მდებარეობს და არჩევნების დროს პლაკატების სტენდის ფუნქციას ასრულებს, პარტია “ევროპული საქართველოს” კანდიდატის, არსენ კარაპეტიანის წინასაარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. თვით არსენ კარაპეტიანი არ ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე, რომელიმე პარტიის დაგეგმილი ქმედებაა, თუმცა მოუწოდებს უგუნური ქმედებები არ ჩაიდინონ.
“რაც შეეხება იმას, თუ ვისზე გვაქვს ეჭვი – რასაკვირველია, მოწინააღმდეგეებზე. კონკრეტულად ვინ, ვერ ვიტყვი, რადგან პირადი მტრები არ მყავს. ვფიქრობ, ეს ჩემი ოპონენტების თანამოაზრეებიდან ვინმე გაუნათლებელი და უმეცარია. არ მგონია, გამოზნულად გააკეთა, უბრალოდ, რაღაცის დამტკიცება სურდათ. ამაზე არც დროის, არც ნერვების ხარჯვას არ მსურს. ჩამოხევენ პლაკატებს, ახლებს გავაკრავთ, არ არის პრობლემა”, – ამბობს არსენ კარაპეტიანი.
არსენ კარაპეტიანი ოპონენტებს სამართლიანი და კონსტრუქციული ბრძოლისკენ მოუწოდებს.
“ბრძოლის კულტურა შეინარჩუნეთ. არ მგონია, ეს მიზანმიმართულად გაკეთდა, რომ ჩემი ოპონენტი ამ დონემდე დაეცა. პირობას ვდებ, რომ ჩემს შემადგენლობას გავაკონტროლებ, რათა მსგავსი რამ არ ჩაიდინონ, იმავეს ვთხოვ და მოვითხოვ სხვებისგანაც, თავიანთი უმეცარი მომხრეები გააკონტროლონ”, – ამბობს ის.
წინასაარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო და უკვე გაშმაგებული ბრძოლა მიდის პლაკატების, ბილბორდების და “პოლიტიკური მზისქვეშეთში” ადგილისთვის.