ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, სახელმწიფო ენის არცოდნა და დასაქმების პრობლემა-ახალგაზრდების საჭიროებები პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ხედვებში:
ნინოწმინდელი ლარისა ღარსლიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ლარისა ქართული ენის ცოდნის პრობლემაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მოსწავლეები სახელმწიფო ენას სკოლაში შესაბამისი კადრის არარსებობის გამო ვერ სწავლობენ.
„სკოლაში თითქმის არ ვსწავლობთ ქართულს, კადრების არ არსებობის გამო. პედაგოგი არის მხოლოდ სომეხი და ისე კარგად ვერ ფლობს ქართულს. ამიტომ გვაქვს ეს პრობლემა, რომ სკოლაში კარგად ვერ ვსწავლობთ ქართულს“.
ლარისამ ქართული ენის ორი კურსი ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიარა. სახელმწიფო ენის შესწავლის შემდეგ 4+1 პროგრამით უნივერსიტეტში ჩააბარა. მის მსგავსად, ნინოწმინდელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ მხოლოდ ტრადიციული განათლებით შემოიფარგლებიან. არ აქვთ არაფორმალური განათლების მიღების საშუალება, რაც მათ ცოდნას კიდევ უფრო გააღრმავებდა.
„ნინოწმინდაში პრობლემაა არაფორმალური განათლებაც. ჩემი აზრით, ეს მოდის მენტალიტეტიდან. ჩვენთან ხალხი ვერ მიიღებს არაფორმალურ განათლებას. ახლა კი ნელ-ნელა მივდივართ მაგ გზით, რომ პოპულარული გახდა, თუმცა ძალიან ცოტა შესაძლებლობები გვაქვს მაგ მხრივ“- ამბობს ლარისა.
ნინოწმინდაში არ არის უმაღლესი სასწავლებელი. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ნაწილი სწავლის
გასაგრძელებლად სომხეთში ან თბილისში მიდის. სასწავლებლის დასრულების შემდეგ საკუთარ ქალაქში დაბრუნებულებს დასაქმების პრობლემა ექმნებათ, ამიტომ თბილისში უწევთ დარჩენა და დაბალანაზღაურებად სამუშაოზე სულ სხვა პროფესიით მუშაობა. ის კი, ვინც საკუთარ ქალაქში ბრუნდება და დასაქმებას ვერ ახერხებს, საზღვარგარეთ მიდის, კაცები ძირითადად მშენებლობაზე მუშაობენ. ახალგაზრდების ნაწილი ნინოწმინდაში რჩება და მშობლებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ეხმარება.
ქ. ნინოწმინდა
ახალგაზრდები იმასაც ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ ნინოწმინდაში პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, რადგან ის ადამიანები, ვინც ქალაქიდან სასწავლებლად წასვლას ვერ ახერხებენ, პროფესიულ განათლებას საკუთარ ქალაქში მაინც მიიღებენ.
ვანო ამბარიანი თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. სოფელ ჯიგრაშენში ცხოვრობს. ამბობს, რომ ზოგადი განათლების მიღება პრობლემაა სოფლებშიც. გარდა სკოლისა, არ არის სპორტული დარბაზები და ცენტრები, სადაც ბავშვები ივლიან და არაფორმალურ განათლებას მიიღებენ.
„ბავშვები სახლებში სხედან და ტელეფონში თამაშობენ. განათლება არის მესამე ეტაპზე. ბავშვები რჩებიან განათლების გარეშე. სოფელში სუსტი ინტერნეტია. ყველას არ აქვს, ვისაც არ აქვს ინტერნეტი, ონლაინ სწავლებაში ვერ ერთვება, ან ტელეფონის ინტერნეტს იყენებს, რომელიც უხარისხოა“.
ვანო ამბარიანი-სტუდენტი
ვანო ამბობს, რომ სოფელში პრაქტიკოსი მასწავლებლის პრობლემაც არის, რაც შემდგომში მოსწავლეების განათლების ხარისხზე აისახება.
„ისეთი მასწავლებლები არიან, რომლებიც პროფესიით მასწავლებლები არ არიან. მაგალითად, ზოგი ეკონომისტია და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. მასწავლებელი კი რჩება სახლში და არაფერს არ აკეთებს, რადგან მის ადგილზე მუშაობს ეკონომისტი. ასეთი პედაგოგები ბავშვებს ცოდნას ვერ აძლევენ. ასეთი ფაქტები ხშირია სოფლებში და დიდი პრობლემაა“ .
ვანო სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. სწავლის დასრულების შემდეგ უნდა, რომ ნინოწმინდაში დაბრუნდეს და თავის პროფესიით იმუშაოს.
ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა
ძველი სკვერი ნინოწმინდაში
ეს ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი სკვერია. ტერიტორია მიტოვებული, მოუვლელი და ბალახით არის დაფარული. დაზიანებული და დაჟანგებული ატრაქციონების კვალი ჯერ კიდევ შემორჩენილია. რამდენიმე ათეული წელია აქ აღარავინ იკრიბება.
ნინოწმინდელი ახლგაზრდებისთვის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემა თავშეყრის და სოციალიზაციის სივრცეების არარსებობაა.
„არ არსებობს ისეთი ადგილები სადაც შეგვიძლია დრო გავატაროთ კარგად და ნაყოფიერად. მაგალითად სივრცეები, ბიბლიოთეკები, კაფე – ბიბლიოთეკები, რომლებიც ძალიან დაგვეხმარება“-ამბობს ლაურა ანესიანი.
აქაურებისთვის თავშეყრის ერთადერთი ადგილი მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის ეზო და აქვე მდებარე პარკია, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სკვერი ქალაქის ცენტრში
ამ ადგილის გარდა ქალაქის უბნებში არ არსებობს სკვერები და სპორტული მოედნები. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა სოფლებში, სადაც ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების შესაძლებლობა არ აქვთ.
შორთი:
ლარისა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბიზნესის დაწყებას ფიქრობს. სურს რომ ნინოწმინდაში სოციალური საწარმო გააკეთოს. თუ გეგმებს მშობლიურ ქალაქში ვერ განახორციელებს, ამბობს რომ თბილისში დარჩება. რადგან სწორედ დასაქმებაა ახალგაზრდებისთვის ნომერ პირველი პრობლემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. როგორც ლარისა ამბობს:
„ახალგაზრდების დიდი რაოდენობა მიდის სასწავლებლად, ჩამოდის ისევ ნინოწმინდაში და ვერ პოულობს სამუშაო ადგილს. განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში მუშაობენ ის ადამიანები, ვინც არ იცის საერთოდ ქართული, ეს დიდი პრობლემაა და აქედან მოდის მესამე პრობლემა ნეპოტიზმი, რაც მე პირადად დიდ პრობლემად მიმაჩნია. ყველა ნაცნობი ერთ ადგილას მუშაობს. ახალგაზრდები ჩამოდიან და ვერ პოულობენ სამუშაო ადგილს“.
დასაქმება უმთავრეს პრობლემად დასახელდა ა.ო. „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის“ (SJMC) ფოკუს-ჯგუფის კვლევაში.
SJMC-ის კვლევა
ორგანიზაციამ პროექტის „თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“ ფარგლებში ნინოწმინდის ადგილობრივი ბიუჯეტი
შეისწავლა, თუ რა თანხაა გამოყოფილი ახალგაზრდებისთვის. როგორც გამოიკვეთა, ბიუჯეტის მე-16 მუხლი კულტურას, ახალგაზრდობას და სპორტს ეთმობა. ამ სფეროს დაფინანსებისთვის კი 826.500 ლარია განსაზღვრული. ამ თანხით ძირითადად მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, სპორტული სკოლის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაა განსაზღვრული.
ბიუჯეტის შესწავლის შემდეგ „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა“ პრიორიტეტების გამოსავლენად ნინოწმინდელი ახალგაზრდების ფოკუს-ჯგუფის საჭიროებების კვლევაც ჩაატარა.
გამოიკითხა 18-დან 30 წლამდე სხვადასხვა სქესისა და პროფესიის ადამიანი. ასევე პროექტის გუნდი ნინოწმინდის ქუჩებსა და სოფლებში შეხვდა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს.
პრიორიტეტების გამოვლენა ნინოწმინდაში
აღნიშნული შეხვედრების და მოსახლეობასთან პირისპირ დიალოგის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ესენია:
გამოვლენილი ექვსი მთავარი პრობლემიდან, ნინოწმინდელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, სახელმწიფო ენის არცოდნა და დასაქმების პრობლემა აწუხებთ. ამ პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა. როგორ აპირებენ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების მოგვარებას, ამ კითხვებით ნინოწმინდაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მივმართეთ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნინოწმინდაში 8 პოლიტიკური პარტია და მერობის ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გაგვცა. მათი ხედვები ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ასეთია:
„ევროპული საქართველო“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„გახარია საქართველოსთვის“
“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“
ასეთია ოთხი პარტიის ხედვა ახალგაზრდების პრობლემებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ფარგლებში ვინ გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაირკვევა. იქნება ეს მხოლოდ დაპირება თუ რეალურად გადადგმული ნაბიჯი. „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი“ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ განხორციელებულ აქტივობებს ახალგაზრდების გამოწვევების მოსაგვარებლად მომავალშიც დააკვირდება.
უფრო დეტალურად ნინოწმინდაში ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების საჭიროებების შესახებ იხილეთ კვლევის შედეგებში.
მულტიმედია მასალა მომზადებულია პროექტის ,,თვითმმართველობა ადგილობრივი თემისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ახორციელებს. მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.