დღეს, 16 სექტემბერს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა წინასაარჩევნო შტაბი გახსნა. კანდიდატმა ჩატარებულ სამუშაოებზე და წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.
ახალქალაქის ცენტრალურ პარკთან ახლოს შეკრებილ ხალხს დამოუკიდებელმა კანდიდატმა შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“მე, 21 წლის განმავლობაში ვიყავი დეპუტატი, მუდამ ერთი და იგივე ოლქიდან. მე ნამდვილად ხალხმა მთხოვა, რათა კვლავ ვიყარო კენჭი. როდესაც სათხაში ხალხმა მითხრა, რომ თუკი კენჭს არ ვიყრი და არ მენდომება დეპუტატობა, მოღალატედ ჩამთვლიან, დავფიქრდი და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. დღეს ჩვენი შტაბ-ბინა გაიხსნა. დღევანდელი დღიდან აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ ხალხთან, ჩვენ ჩვენი აქტივისტები გვეყოლება, ყოველ სოფელში, რამდენიმეჯერ მივალთ, რათა ხალხის ნდობა ვიგრძნოთ”.
მკოიანმა არჩევნების ზეგავლენის გარეშე სამართლიანად ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
“დღეს, ჩვენ ყოველი მხრიდან ვგრძნობთ ზეგავლენას, იმ ახალგაზრდა ადამიანებზეც, რომლებიც ჩვენთან არიან, ვისთანაც გუშინ შეხვედრები გვქონდა, უკვე ღამით მათ ძალოვნები შეხვდნენ და უთხრეს, რომ შტაბის გახსნაზე არ მოსულიყვნენ. ასე არ შეიძლება, ეს არადემოკრატიულია. ხალხმა საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს, არ არის საჭირო ხალხის შეშინება, გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს და არა ადმინისტრაციულმა ერთეულებმა”, – განაცხადა დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა.
მისივე თქმით, იყო დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ნიშნავს იმას, რომ შენი პარტია ხალხია.
მკოიანმა შეკრებილებს განუმარტა, თუ დღეს, რატომ უჭერს მხარს მას ხალხი. ასევე სთხოვა არ შეაწუხონ, არ დააშინონ ხალხი, რათა სამართლიანი არჩევნები შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნოემბერში ამაზე პასუხს აგებენ.
“მოსახლეობა, რატომ არის დღეს ჩვენს გვერდით? ადამიანები, ვისაც პოლიტიკაში ერთი, ან ორწლიანი გამოცდილება აქვს, ხალხის შეფასებას ვერ მიიღებენ. თქვენ იცით, რომ ყოველთვიურად მქონდა ხალხთან შეხვედრები, მე მათ ვუსმენდი და მათ ნებას ვასრულებდი. ალბათ, ზუსტად ეს არის მიზეზი, ხალხი ამას აფასებს. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რას ნიშნავს არჩევნები. ჩვენ ბრძნული, ჭკვიანური და ეროვნული არჩევნები უნდა ჩავატაროთ. სულ ერთი თხოვნა მაქვს, – თავი დაგვანებონ, რათა სამართლიანი არჩევნები შედგეს, ხალხი არ დააშინონ, თუ დააშინებენ, ნოემბერში ისინი ამაზე პასუხს აგებენ”, – თქვა მან.
ამის შემდეგ, დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მისი ოჯახის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქციების შესახებ ისაუბრა.