საქართველოში რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ფრენების აღდგენა პირველ აგვისტომდე გადაიდო. ახლა კი ირკვევა, რომ ფრენები ნოემბრამდე არ აღდგება.
“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით”. – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზში, მიუნჰენსა და რიგაში შესრულდება.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აგვისტოში პარიზის, მიუნხენისა და რიგას გარდა, საქართველოდან რეგულარული ფრენები არ შესრულდება. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში არ იფრენენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები – Ryanair-ი და Wizz Air-ი. მინისტრი ადასტურებს, რომ ეს ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების მაღალ სიხშირეებს ითხოვდნენ, რაზეც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობიდან უარი მიიღეს.
„რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, “ლუფთჰანზასთან” ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა. “ვიზეარი” და “რაინეარი” ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინაროებს. ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს”.
“ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ დაბალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის, მათ შორის Ryanair-ისთვის რეგულარული ავიარეისების აღდგენის უფლება აგვისტოშიც არ მიეცა, ავიაკომპანიას გაყიდული ბილეთების გაუქმება აიძულა.
ამასთან, Ryanair-ი მიუთითებს, რომ მათ ევროპაში რეისების უმეტესობა პირველი ივლისიდან გაანახლეს.პირველი ივლისიდან მოყოლებული ავიაკომპანია დღეში 1000 რეისს ახორციელებს.
საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახით მოიხსნება რეგულარულ საავიაციო სამგზავრო გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვები სექტემბრიდან.