ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია დასრულდა. წყალგაყვანილობის ხაზის აზბესტის მილები პლასტმასით ჩაანაცვლეს.
სოფელ კარტიკამში წყალგაყვანილობის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 048 ლარი გამოიყო. ტენდერი კომპანია შპს “არომ” მოიგო. საერთო ჯამში გარემონტდა 2კმ და 200 მეტრი სიგრძის ხაზი, რომელიც სოფლის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს.
სოფელ კარტიკამის ნაწილს, რომელიც სოფლის ზედა მხარეში მდებარეობს, მუდამ სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ძველი წყალგაყვანილობის ხაზი სოფელს მრავალი წელი ემსახურა. იმის გამო, რომ მილები აზბესტის იყო, წარმოიქმნა ბზარები, წყალი იღვრეოდა, და შესაბამისად, წნევა ეცემოდა. საბოლოოდ, სოფლის ზედა მხარეში წყალი იშვიათად აღწევდა.
როგორც სოფელ კარტიკამში მერის წარმომადგენელი შალო ელიზბარიანი ამტკიცებს, პროექტი შედგენილი იყო 2019 წელს, თუმცა სამუშაოები წელს შესრულდა.
სოფლის მოსახლეობის თქმით, კარტიკამში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა, და ამჟამად სოფელში სასმელი წყლის პრობლემა არ არის.