ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანადან 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ცურვაზე სიარული სჭირდება. კვირაში ორჯერ, დილის 9:00 საათზე დედას შვილი აგანადან ქალაქში საცურაო აუზზე დაჰყავს, რომელიც შუადღისას იხსნება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ დროს სოფელში ბრუნდება. სახლში დასაბრუნებლად ტაქსში ყოველ ჯერზე 35 ლარის გადახდა უწევს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობას თითქოს მიეჩვივნენ, თუმცა ახალგაზრდები მისი ნაკლებობის გამო პროტესტს გამოთქვამენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების 58%-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის 11 ათასამდე მცხოვრებს ქალაქში შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ჩასვლა არ შეუძლია. სოფლების დარჩენილი 42%-ის შემთხვევაში ტრანსპორტი სოფლიდან ქალაქში 09:00 საათზე გადის და 13:30 საათზე ბრუნდება. მართალია, სოფლებში ოჯახების უმეტესობას საკუთარი მანქანა ჰყავს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მძღოლების უმეტესობა ფულის საშოვნელად წელიწადში 8-9 თვეს საზღვარგარეთ ატარებს.
ახალქალაქის ავტოსადგური, 9 თებერვალი, 13:25
ძირითადად, სოფლის მცხოვრებლები ქალაქში სამედიცინო დახმარების მისაღებად, საყიდლებზე, მედიკამენტების საყიდლად, სახელმწიფო და საბანკო მომსახურებით სარგებლობისთვის, ასევე კლასგარეშე სასწავლო და სპორტულ დაწესებულებებში დასწრების მიზნით მიდიან. ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თუ წამლების შესაძენად „რამეს გააკეთებენ ქალაქში მისასვლელად“, საგანმანათლებლო და სპორტული ჯგუფებში უბრალოდ ვერ დადიან, რისი მიზეზიც ხელმისაწვდომი ტრანსპორტის არქონაა.
სოფელი მოდეგამი ქალაქ ახალქალაქიდან 26 კმ-ში მდებარეობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა განახევრდა. დღეს სოფელში 32 ოჯახი ცხოვრობს. წასულთა შორის არის ედუარდ ფამბუხჩიანის ოჯახიც. იგი უკვე 10 წელია ახალქალაქში ცხოვრობს. სოფლის დატოვების მიზეზი ბევრი იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში დასწრების საშუალება.
მოდეგამის სოფელი
„სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონამ, ბუნებრივი აირის ნაკლებობამ, გზების ცუდმა მდგომარეობამ „გვაიძულა“ სოფელი დაგვეტოვებინა“, – ამბობს ედუარდი.
ახლა ის ბედნიერია, რომ ქალაქში ცხოვრობს, შვილები სპორტულ, საცეკვაო და სხვა სასწავლო ცენტრებში დადიან. ამბობს, რომ სოფელში რომ დარჩენილიყვნენ, შვილებს ეს ყველაფერი აკლდებოდათ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 27 სოფელში გადის, რომლებიც კერძო საკუთრებაა და არც ერთი ორგანო არ აკონტროლებს. დანარჩენი 37 სოფელი ქალაქს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხით უკავშირდება. სოფლებში 10 მიკროავტობუსი მოძრაობს, ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ოთხ-ხუთ სოფელს ემსახურება.
ახალქალაქის ავტოსადგური ხშირად ცარიელია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არარეგულარულად მუშაობს. მოძრაობის დრო დაწესებულია ისე, რომ მგზავრებს ტრანსპორტის გადაადგილებით შეუძლიათ თბილისში ან ახალციხეში მისვლა
ორჯა ერთ-ერთი ის „ბედნიერი“ სოფელია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. მარინა მინასიანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალის მე-3 კურსის სტუდენტია. ვინაიდან სოფლიდან გაკვეთილებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსვლას და სოფელში დაბრუნებას ვერ ახერხებს, იძულებულია სახლი იქირაოს და ქალაქში იცხოვროს.
„სწორედ ამ სირთულის გამო ვიქირავეთ სახლი მე და ჩემმა ორმა მეგობარმა სოფელ ალათუმანიდან. გაკვეთილები 15:00-დან 16:00 საათამდე მიმთავრდება და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ ვიყენებ“.
მარინა და მისი მეგობრები 300 ლარს სახლის დაქირავებაში იხდიან, კომუნალურები კი, თვეში 200 ლარი უჯდებათ.
ორჯადან ქალაქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება ერთ ადამიანზე 3 ლარია.მარინა ამბობს, რომ ტრანსპორტი რომ ყოფილიყო, სახლს არ იქირავებდნენ და აუცილებლად სოფელში დაბრუნდებოდნენ.
ერთი მხრივ, მოსახლეობას სურს, რომ ავტობუსები უფრო ხშირად იმოძრაონ, მეორე მხრივ, მძღოლები ჩივიან, რომ ეს არ არის მომგებიანი.
„ახლა მგზავრები არ არის, 8 სოფლიდან ორი-სამი კაცით მივდივარ, ბევრი მანქანით ჩადის ქალაქში, ეს დამღუპველი საქმეა“, – განმარტავს ბეჟანოდან ქალაქში მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი.
ზამთარში მგზავრები ნაკლებია, რადგან დასაქმებული მამაკაცები ზამთარში სახლში ბრუნდებიან და საკუთარი ტრანსპორტით მოძრაობენ. გაზაფხულზე ისინი სამსახურში მიდიან და საკუთარ ტრანსპორტს მძღოლის გარეშე ტოვებენ. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით მეტი მგზავრია.
საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცენტრალიზებულად არ იმართება. მძღოლს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ იმუშაოს ან დაისვენოს. ავტოსადგური არის ადგილი, სადაც თითოეულ მძღოლს შეუძლია მოითხოვოს ადგილი, დადგეს თავისი ავტომობილით და გახსნას მარშრუტი. ავტოსადგურის გახსნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუ აქვს შესაბამისი სივრცე. ტრანსპორტის სამინისტრო მათ არ აკონტროლებს.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ფიზიკურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს მუშაობის დაწყება ნებართვის მიღების შემდეგ, საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე შეუძლია.
ეს არის ე.წ. მათხოვრის გადასასვლელი, სადაც სოფლის მცხოვრებლები დგანან და გამვლელ მანქანას ელიან
2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა“ (LAG) ახალქალაქის 6 სოფელში მობილობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, სოფლის ოჯახების ნახევარზე მეტს საკუთარი ტრანსპორტი ჰყავს, მაგრამ საწვავის სიძვირის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამჯობინებენ.
„სამიზნე თემების მოსახლეობა იძულებულია კვირაში ერთხელ მაინც ჩავიდეს ქალაქში. თუმცა ამ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი კრიტიკულად მწვავედ დგას. მაცხოვრებლები ტრანსპორტით სარგებლობისთვის ხშირად დიდ მანძილს ფეხით გადიან“, – წერია კვლევის დასკვნაში.
კვლევაში აღინიშნულია, რომ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქონლობის გამო ბავშვები ქალაქის საგანმანათლებლო და სპორტულ კლუბებში არ მონაწილეობენ, ისინი მოკლებულნი არიან რეპეტიტორებთან ინდივიდუალურ გაკვეთილებსაც.
ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაიდგმება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი ჯერ კიდევ არ გვაქვს, რადგან მსგავსი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, ამიტომ პრობლემას ვერანაირად ვერ მოვაგვარებთ“, – აცხადებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი.
დღეს რეგიონების სოფლების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. შორეული სოფლების ახალგაზრდები საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო იმ შესაძლებლობებს არიან მოკლებულნი, რომლებიც ქალაქში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ.