ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკას მცხოვრები, კოლია მანასიანი, თირკმლის უკმარისობას განიცდის, უკვე მეორე წელია კვირაში ორჯერ ახალციხეში გემოდიალიზზე მიდის. საქმე იმაშია, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ მისი მკურნალობა ფასიანია, ყოველ ჯერზე 200 ლარზე მეტს ხარჯავს. ყოველთვიურად მანასიანების ოჯახს სამედიცინო დახმარების მისაღებად 1200 ლარი ესაჭიროება.
ამას წინათ JNEWS-მა გაავრცელა სტატია კოლია მანასიანის პრობლემის, მისი სირთულეებისა და გამოუვალი მდგომარეობის შესახებ.
JNEWS-ის სტატიას სათაურით “რა გვეშველება, თუ ერთხელ, უბრალოდ ვეღარ ვიშოვეთ ფული…” მკითხველთა შორის დიდი გამოხმაურება მოყვა, და ბევრმა კოლია მანასიანის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
მის ანგარიშზე გადარიცხული იყო რუსეთიდან 200,000 რუბლი, ხოლო 3500 ლარი მისმა თანასოფლელებმა შეაგროვეს. ასევე ერთმა ადამიანმა კოლიას წამლები გადასცა.
მოსახლეობის გულისხმიერების წყალობით, უკვე 8 თვეა, რაც კოლია დიალეზზე დადის. ის ყველას მადლიერია, ვინც დაეხმარა და ეხმარება, თუმცა მას ერთადერთი თხოვნა აქვს- საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რათა მკურნალობასთან დაკავშირებით მომავალში პრობლემები არ შეექმნას. ის რუსეთის მოქალაქეა, და ამის გამო, საქართველოში მკურნალობა მისთვის ფასიანია. სახელმწიფო მის გემოდიალეზით მკურნალობას საქართველოს მოქალაქეების მსგავსად არ აფინანსებს.
კოლია მანასიანმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების განაცხადი შეავსო, მაგრამ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო გამოცდა ვერ ჩააბარა.
კოლია მანასიანისა და მისი ოჯახის წევრების ერთადერთი თხოვნა- საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებაა.
საპასუხო რეაქცია Jnews-ის სტატიაზე: თირკმლის უკმარისობის მქონე მამაკაცისათვის გახსნილია ანგარიში