ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 559 პირველკლასელია დარეგისტრირებული, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი ნოუთბუქს მიიღებს, მაგრამ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესი გრძელდება.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამჟამად დარეგისტრირებულია 559 პირველკლასელი, სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა პირველკლასელი “ACER” მარკის ახალ ნოუთბუქს მიიღებს.
“დღესდღეობით დარეგისტრირებულია 559 პირველკლასელი, მაგრამ ეს რიცხვი საბოლოო არ არის”,-ამბობს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი.
გასულ წლებთან შედარებით, წელს ამ ეტაპზე უფრო ნაკლები პირველკლასელია დარეგისტრირებული- გასულ წელს 604 პირველკლასელი იყო, ხოლო 2018 წელს- 694.
საქართველოს სკოლებში ნოუთბუქებს ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათას პირველკლასელს ურიგებენ. სახელმწიფო პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში 2010 წელს დაიწყო. მაშინ ნოუთბუქებს რამდენიმე სკოლა ღებულობდა. უკვე 2011 წელს ყველა პირველკლასელს მაგიდაზე ნოუთბუქი ჰქონდა.
ნოუთბუქში ატვირთულია სხვადასხვა სასწავლო პროგრამა ქართულ და უცხო ენებზე, მათემატიკასა და ლოგიკაში, სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები ისევე, როგორც სასწავლო-შემეცნებითი თამაშები.