კორონავირუსის გამო შეწყვეტილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში, 30 მარტიდან დაიწყებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა ჯერჯერობით სამწუხაროდ, ქვეყნის ყველა მოქალაქეს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ამდენად, სატელევიზიო გაკვეთილები კიდევ ერთი, დამატებითი მიმართულება.
“დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება ძალზედ აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და პანდემიის პირობებში განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ ინიციატივას მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შესაძლოა, ვერ განახლდეს.
“სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნული ინიციატივისთვის განათლების მინისტრს მადლობა გადაუხადა.