ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში აცხადებენ, რომ ა.მ.-ს, ვის გასამართლებასაც დღეს ახალქალაქის ახალგაზრდობა აპროტესტებდა, აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ დაეთანხმება, მას შეუძლია საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანოს.
დღეს, 29 იანვარს, ახალქალაქის მერიასთან დაახლოებით 100 ახალგაზრდა ადამიანი დილიდანვე შეიკრიბა. ახალგაზრდების უკმაყოფილების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ორი დღის წინ ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ მათ მეგობარს ქურდობისათვის განაჩენი გამოუტანა, რომელიც 4 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ახალგაზრდები, ვინც პროტესტს აცხადებს, თვლიან, რომ სასამართლოს არ ჰქონდა დამადასტურებელი საბუთები, რაც ა.მ.-ს ბრალს დაამტკიცებდა.
«27 იანვარს ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ა.მ.-ს განაჩენი ორი ეპიზოდით გამოუტანა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი ნაწილის «ა» და «ბ» პუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით; სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება- თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. ნასამართლევს უფლება აქვს გაასაჩივროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ ინსტაციის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, მას გასაჩივრება საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც შეუძლია»,- განმარტეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში.
საქმე ორი ეპიზოდით აღიძრა: ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ავტონაწილების მაღაზიისა და ახალციხეში მაღაზია «სმარტის» გაქურდვის ფაქტებზე. საქმე წარიმართა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც კონკრეტულად გულისხმობს «ქურდობას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით» (ისჯება ჯარიმით ან ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების შეზღუდვუთ, ან იგივე ვადებში თავისუფლების აღკვეთით). ასევე იგივე ქმედება, მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება და დაწესებულებაში ან სხვა საცავში უკანონო შეჭრა (ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით).