სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავს პანდემიის პირობებში საზღვრების ორმხრივად გახსნის და გადაზიდვების სამომავლო რეგულირებაზე, – ამის შესახებ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვში საზღვრების ორმხრივი გახსნისთვის მზად არიან.
“როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ საზღვრების ორმხრივი გახსნის მზადყოფნის შესახებ საჯაროდ განაცხადა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს საზღვრების ორმხრივად გახსნის შემდგომ რეგულირებაზე”, – განაცხადა ავინიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მიუხედავად, რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს სომხეთში სპეციალური ნებართვის გარეშე ჩასვლას.
სკოლებსა და ტექნიკუმებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სომხეთში მეხუთედ გაგრძელდა. უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა დამტკიცებული შემთხვევების რაოდენობამ 40 794 მიაღწია, გარდაიცვალა 806 პაციენტი.