სომხეთის ხელისუფლებამ რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 12 აგვისტოს, მიიღო გადაწყვეტილება COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მეხუთედ გაახანგრძლივოს, თუმცა, ამასთანავე დაწესებული რიგი შეზღუდვებისა მოხსნას, მათ შორის, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის შეზღუდვა.
“პირველ რიგში, ქვეყანაში იმ მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვა იხსნება, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არ არიან. ამასთანავე გათვალისწინებულია, რომ თუკი სომხეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას ადამიანი ჰოსპიტალიზირებას არ გაივლის, მაშინ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში დარჩება. თუმცა, არის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც 14 დღის განმავლობაში შესაძლებელია შესაბამისი ტესტის გაკეთება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იზოლაციის რეჟიმის შეცვლა”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის მთელს ტერიტორიაზე იხსნება შეზღუდვა შეკრებებისა და მიტინგების ჩატარებაზე რიგი წესების დაცვის შემთხვევაში, ესენია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
ცვლილება შევიდა საოჯახო დღესასწაულებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების შეზღუდვაზე: ნებადართულია მათი ორგანიზება და ჩატარება ღია და დახურულ სივრცეებში არაუმეტეს 40 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში და დაწესებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
გარდა ამისა, მოიხსნა შეზღუდვა საქონლის საბაჟოზე გადატანაზე. ასევე, ინფიცირებული და მათთან ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ ელექტრონული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 14 დღის განმავლობაში.
“ღმერთმა ნუ ქნას, რომ შეზღუდვების მოხსნის შედეგად კვლავ დაფიქსირდეს ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შეზღუდვები კვლავ დავაწესოთ”, – თქვა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სომხეთში, 2020 წლის 16 მარტს გამოცხადდა, ხოლო შემდეგ ხუთჯერ გახანგრძლივდა ერთი თვით. ამ გზით, ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად 12 აგვისტოდან, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სომხეთში 11 სექტემბრის 17:00 საათამდე მოქმედებს.
ამასთანავე 24 მარტს თავისუფალ გადაადგილებაზე და ეკონომიკური საქმიანობის ზოგ სახეობაზე დაწესებული შეზღუდვები 4 მაისს მოიხსნა, ხოლო 18 მაისიდან მუშაობა განაახლა: საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, სპორტდარბაზებმა, საბავშვო ბაღებმა და კვების ობიექტებმა.