საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მესტიაში საკარანტინო რეჟიმი დაიწყო. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ ბანკებს, აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებსა და ღია ტიპის კვების ობიექტებს. ხოლო, რაც შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარს, იქ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა.
“თავშეყრის ადგილებზე მკვეთრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა… ჩატარდება ინტენსიური კვლევები”, – თქვა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.
მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლას პოლიცია გააკონტროლებს. ყველა ტურისტი კი საკარანტინო რეჟიმში განთავსდება.
“ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მუნიციპალიტეტს, სავალდებულო საკარანტინე რეჟიმს გაივლის”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმებულია. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. გუბერნატორის თქმით, საკარანტინო რეჟიმის გაუქმება სოფელში სტაბილური ეპიდემიის ვითარების გათვალისწინებით მოხდა.
„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძელით, რომ პრაქტიკულად ორ დღეში პარასკევს და შაბათს 1 552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1 425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში დაემატა იმავე ოჯახიდან კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. 127 საკვლევი მასალა არის დღეისათვის კვლევაში. შესაბამისად, რადგან შეფასდა სიტუაცია და სოფელში მასობრივი გავრცელება აღარ არის და არის იშვიათი შემთხევევები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელში საკარანტინო რეჟიმი გაუქმებულიყო. წუხელ, ღამის 12 საათიდან მოიხსნა ბლოკ-პოსტები და სოფელი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შოთა რეხვიაშვილმა.
ჩვენი მომაცემებით ყარაჯალარში ჩატარებულია 3 600-ზე მეტი ტესტი, ამასთავანე კოვიდინფიცირების 44 დადასტურებული შემთხევაა დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგების რჩევების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით სოფელი საკარანტინე რეჟიმზე 24 ივლისს ჩაიკეტა.