სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა ჩვეულ რეჟიმში, 15 სექტემბერს დაიწყება.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეეხება სექტემბერში სწავლის დაწყებას, სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ სასწავლო პროცესს, ანუ სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის – საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ამასთანავე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის შემუშავდება შესაბამისი სტანდარტი.

„სწავლის დაწყებაც იქნება სკოლებში მობილობის გაზრდა. როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში”, -განაცხადა გამყრელიძემ.

სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს.

სასწავლო პროცესი საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კორონავირუსის ეპიდემიის გამო მარტის თვეში შეწყდა და სასწავლო წლის ბოლომდე, სწავლება ინტერნეტის მეშვეობით, სწავლების დისტანციური გზით განხორციელდა. ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებისთვის ტელე-გაკვეთილები გაიმათა- საზოგაროებრივმა ტელემაუწყებლობამ აღნიშნული გაკვეთილებისთვის სპეციალური არხი გამოყო.