რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ავიარეისებს პირველი აგვისტოდან განაახლებს.
“საერთაშორისო ავიარეისების განახლების გადაწყვეტილება მიღებულია, ამასთანავე ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეპიდემიოლოგიური ვითარებით, დაავადებების მაჩვენებლებით, საპასუხო პრინციპებით”,- ხუთშაბათს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა ხელისუფლების თავმჯდომარემ.
მან დააზუსტა, რომ 1-ლი აგვისტოდან რეისები განხორციელდება მოსკოვის, მოსკოვის რეგიონების, სანქტ-პეტერბურგის და როსტოვ-ნა-დონუს აეროპორტებიდან, – წერს რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
ავიარეისები, პირველ რიგში, განახლდება დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან და ტანზანიასთან, განაცხადა ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ. ამას წინათ, მოხელეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი საერთაშორისო ავიაგადაზიდვებს მხოლოდ საპასუხო პრინციპით განაახლებს.