2020 წელს საქართველოს 1 759 308 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 81,3%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით, როდესაც ტურისტების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები მაინც ჩამოდიოდნენ ქვეყანაში, ყველაზე ხშირად თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის მოსახლეობა.
1 219 840 ადამიანი საქართველოში სახმელეთო გზით მოხვდა და მხოლოდ 269 535 ადამიანი საჰაერო გზით ჩამოვიდა ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჰაერო საზღვარი რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო, ხოლო რამდენიმე მიმართულებით (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი) მუშაობის განახლების შემდეგ, ბილეთების ღირებულება საკმაოდ მაღალი იყო. ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 85,4%-ით შემცირდა, რამაც 2020 წელს სულ 70 738 ადამიანი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მოიცავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ, სატვირთოს მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტით სარგებლობენ. ამასთანავე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში არატურისტული მიზნით იმყოფებოდა, მათი ვიზიტი 1 დღეზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის მარტში საქართველომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, რომელიც სრულფასოვნად დღემდე არ აღდგენილა.