საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვაკანის მოსახლეობამ ცენტრალური გზატკეცილი გადაკეტა.
სომხეთის მოსაზღვრე სოფელ ჟდანოვაკანის მოსახლეობამ სომხეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და ხელისუფლებისგან ნეიტრალურ ზონაზე მდებარე საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვენ. ამ მიწებზე თივას შეზღუდვების გარეშე მეზობელი სოფლის მცხოვრებლები თიბავენ.
მოსახლეობა ნინოწმინდის მერს, ანივარდ მოსოიანს შეხვდა და საკუთარი პრეტენზიები წაუყენა. ჟდანოვაკანის მოსახლეობის თქმით, საუბარია დაახლოებით 200-300 ჰა მიწაზე.
“ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვიყავით. ჩვენს საკითხებს არავინ აგვარებს. ორი თვის წინ, ჩვენი პრობლემები წერილობით რაიონულ ცენტრში წარვადგინეთ. დღეს არავითარი გადაწყვეტილება არ წარგვიდგინეს. ამბობენ, დაგველოდეთ, დაგველოდეთ. მაგრამ უკვე თიბვის სეზონია, არავითარი დალოდება. ჩვენ გზა გადავკეტეთ, რათა თბილისში გაიგონ და ეს საკითხი მოაგვარონ. სხვა ხერხი არ არის, რადგან მერიამ უარი განაცხადა. სხვა სოფლებიდან შეუძლიათ ჩვენს ტერიტორიაზე თიბვა, ხოლო სოფელ ჟდანოვაკანის მოსახლეობას – არა. არიან ადამიანები, რომლებსაც 2-3 ჰა მიწა არ აქვთ და მესაქონლეობას მისდევენ. სხვა არაფერი არ არის ოჯახის სარჩენად. აი, ამიტომ, ამ ხალხმა გადაკეტა გზა. გზა დაკეტილი იქნება იქამდე, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. 500 ჰა ტერიტორია არის სასაზღვრო ზონამდე. რაც ჩვენს სოფელს ეკუთვნის, გადმოგვცენ ჩვენ, ხოლო დანარჩენი სხვა სოფლებს გაუნაწილონ“, – რადიო “ნორთან” ინტერვიუში განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სატვირთოს ნინოწმინდა-ბავრის სასაზღვრო პუნქტამდე გზა გადაკეტილი აქვთ.