მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, COVID-19-მა დიდი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ცხოვრებაზე, საზღვარგარეთ სეზონური სამუშაოებისკენ გზა დაიკეტა. სეზონურ სამუშაოებზე წასვლა სოფელ ბალხოს მცხოვრებლებმაც ვერ მოახერხეს, სადაც არ აქვთ მიწები კარტოფილის დასათესად და საძოვრები მესაქონლეობისთვის.
მთებს შორის გაშენებული სოფელი ბალხო თავისი საზრუნავით ცხოვრობს. საზრუნავი აქ საკმარისად არის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ ცხოვრება გაჩერებულია, არაფერი იცვლება და უკეთესობისკენ წინსვლა არ არის.
სოფლის ცენტრში, ისევე, როგორც ახალქალაქის ყველა სოფელში, მამაკაცები იკრიბებიან და განიხილავენ ყველაფერს, პოლიტიკითა და ბოლო პერიოდის აქტუალური თემით – კორონავირუსით დაწყებული, სოფლის ამბებით დასრულებული. ცოტა მოშორებით მშენებლობა მიმდინარეობს, მამაკაცები წლეულს, ძირითადად სახლში დარჩნენ, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოასწრეს.
“წლეულს საზღვარგარეთ სამუშაოდ არ წავალთ, რა უნდა გავაკეთოთ? არაფერი! ასე უნდა ვითამაშოთ”, – ამბობენ მცხოვრებლები და კამათლების გაგორებას და მაგიდაზე დომინოს ქვების ხმამაღლა კაკუნს განაგრძობენ.
საუბარში სხვებიც ერთვებიან და უკმაყოფილება იწყება. ყველას ახსენდება სოფლის პრობლემები და ერთხმად იწყებენ მათზე საუბარს. ვინც უფრო ხმამაღლა იტყვის, ის იმარჯვებს.
“სად იხარჯება მილიონები? ჩვენ მათ შესახებ მედიის საშუალებით ვიგებთ, რაზე იხარჯება, ვინმემ იცის?”, – სოფლის მოსახლეობა კითხულობს დახმარების შესახებ, რომელსაც საქართველო პანდემიის დროს იღებს.
ბალხოში, ისევე, როგორც ყველგან, მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათზე არავინ ზრუნავს, ადგილობრივი ხელისუფლებით დაწყებული, ცენტრალურით დამთავრებული.
პესიმისტური განწყობა წელს თითქმის ყველგან შეინიშნება. სოფლებში უჩვეულოდ ბევრი ხალხი დარჩა სახლში. ცოლებს უხარიათ. ზაფხულის პერიოდში კიდევ როდის იქნებიან ქმრები სახლში, ოჯახთან ერთად? მაგრამ, მეორე მხრივ ფიქრობენ, როგორ გაიტანენ ამ წელს რუსეთიდან შემოსავლის გარეშე. ბევრია ისეთი სოფელი, სადაც სახნავ-სათესი მიწები არის და შესაძლებელია კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის მოყვანა, მათი გაყიდვა და ამით არსებობა, მაგრამ ბალხოს მოსახლეობას ამაშიც არ უმართლებს.
“მახლობლად მიწები არ გვაქვს. ჩვენი მიწები ოკამის ტერიტორიაზეა. სიშორის გამო ვერ ვამუშავებთ. ჩვენ გვაქვს საძოვრები და ძირითადად ძროხებს ვინახავთ, მაგრამ საძოვრებიც ცოტაა. ჩვენი სოფელი მუნიციპალიტეტში ყველაზე ღარიბია”, – ლამის ერთხმად ამბობენ ადგილობრივები.
სოფლის მოსახლეობა მასშტაბურიდან ლოკალურილ პრობლემებზე გადადის. ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის აქ არაფერი არსებობს, ვერაფრით ერთობიან. მთების ლამაზი ალპური პეიზაჟების ფონზე, სოფელ ბალხოს მოსახლეობისთვის ცხოვრება მონოტონური და უინტერესოა.
“სოფელში არაფერი გვაქვს. ბავშვებისთვის მაინც გააკეთონ რამე, საბავშვო ბაღი მაინც იყოს, უსწავლელები რომ არ გაიზარდონ. ბალხოს არაფერი არ აქვს. შესაძლებლობები არ არის”, – ამბობს ახლგაზრდა ქალბატონი.
სხვები ოღროჩოღრო და მტვრიანი გზების გამო გამოთქვამენ წუხილს.
“მეზობელ გომანამდე ასფალტი გააგრძელეს, ჩვენთვის კი თანხა არ არის. რადგან სოფელი ჩიხშია მოქცეული, ანუ ხალხი არ ცხოვრობს?”, – აღშფოთებულია მოსახლეობა, ყვებიან წვრილმანებზე, თუ რა რთულად უწევთ ყველაფერი. წვიმიან ამინდში ტალახში ეფლობიან, როგორც ავტომობილები, ასევე ხალხი, ხოლო წელიწადის მშრალ დროს მტვერს სუნთქავენ.
მიუხედავად ლამაზი ბუნებისა, მრავალრიცხოვანი ისტორიული და მისტიური ადგილებისა, ბალხოში ტურისტები იშვიათად ჩამოდიან. აქ ტურიზმის განვითარებაზე არც კი ფიქრობენ.
მაგრამ ერთ რამეზე ხშირად ფიქრობენ: “ასე თუ გაგრძელდა, ნელ-ნელა სოფელი დაიცლება”.