გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ატმის შესაძენად ჩასულ სომხეთის მოქალაქეს განმეორებითი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში განაცხადეს.
აღნიშნული ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ხუთ ახალ შემთხვევაში შედის.
ავტომანქანის მძღოლს თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე, შემოსვლისას აუღეს, თუმცა, მაშინ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ინფიცირებული ამ დროისთვის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
სოფელ ჩუმლაყში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენას ცდილობენ.
სპეციალისტების განმარტებით, საუბარია იმპორტირებულ შემთხვევაზე და შესაბამისად, ინფიცირების წყაროს დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია.
დეტალებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ბრიფინგია დაგეგმილი.