საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების წესები და ის აკრძალვები, რომლებიც ვრცელდება ტყეში გადაადგილებაზე.
მათივე თქმით, ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ადამიანების მხრიდან უყურადღებობაა, ხოლო ზაფხულში მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას.
“არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკას ფერმერები კვლავ იყენებენ. გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას”, – აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
მათივე თქმით, ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.
აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.
მესამე დღეა, ტყის ხანძარს ვერ აქრობენ სვანეთის მთებში. დღეს მესამე ვერტმფრენს შეუერთდა ასობით სამაშველო და მეხანძრე-მაშველებს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰაიშის მახლობლად.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 9 ივლისამდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობზე, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +40-42 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში – +36-37 გრადუსს. შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია +33-35 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +34-39 გრადუსს მიაღწევს, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში – +29-34 გრადუსს.