კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, დანარჩენი 7 ყველა შემოტანილი შემთხვევაა, მათგან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი რიგითი მოქალაქე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მოათავსეს და ამჟამად 23 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სამი კი გამოჯანმრთელდა.
„ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხივე ინფიცირებული სატვირთოს მძღოლია. 4 ახალი შემთხვევიდან ორი აზერბაიჯანიდანაა შემოსული, ერთი ბელორუსიიდან, ერთიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ცენტრში მოთავსებული ყველა პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 22 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.