მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა და მთელი ცივილიზებული სამყარო უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა. დღესდღეობით, ამ დაავადების ვაქცინა შექმნილი არ არის და კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანციის დაცვაა და სახლში დარჩენაა, სახლი კი ბევრი ადამიანისთვის უსაფრთხო გარემო სულაც არ არის.
საგანგებო მდომარობის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება, ისევე როგორც, ერთ სივრცეში დიდ ხანს ყოფნა, ადამიანებში სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს, რაც მრავალმხრივ ვლინდება, მაგალითად თვითშეფასების შესუსტება და თვითიზოლირება, ქცევისა და განწყოვის ცვლა, აგრესიის გამოვლენა და ა.შ.
ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას, სწორედ ოჯახში ძალადობა წარმოადგენს, რომელსაც ფარული და ხანგრძლივი ხასიათი აქვს და ხშირ შემთხვევაში, მასთან ასოცირებული ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა გვიან ან საერთოდ არ ხდება.
ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობა, ასევე იძულება და უგულებელყოფა.
“2020 წლის პირველ კვარტალში პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი”, – ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ოჯახში ძალადობის რისკები იზრდება მაშინ, როდესაც მსხვერპლი პოტენციურ მოძალადესთან ერთად ერთ სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში რჩება. ხოლო კარანტინის პირობებში ადამიანები უფრო დიდ ხანს რჩებიან დახურულ სივრცეში, სახლში. უარეს შემთხვევაში კი კომუნიკაციის გარეშე, იზოლირებულები რჩებიან.
პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის გაზრდასთან დაკავშირებით ფსიქიოლოგი თეო გუბიანური ამბობს, რომ „თუ აგრესიის წინაპირობა არ ჰქონდათ, მხოლოდ პანდემია ამას არ გამოიწვევდა“.
„მდგომარეობა, რაც იყო და რაშიც მოვხვდით, ისეთი საშიში აღსაქმელია, რომ ადამიანი ინსტიქტურად მოქმედებს. პანდემიამ ყველა ის პატარა პრობლემა წარმოაჩინა და გაამწვავა ოჯახში ძალადობის კუთხით, რაც აქამდეც არსებობდა თუმცა ნაკლებად ხილული იყო.“, – ამბობს ფსიქიოლოგი.
თეო გუბიანურის თქმით „ცოლ-ქმარს შორის პატარა უთანხომებაც კი პანდემიამ შესაძლოა დიდ კონფლიქტად გარდაქმნას. აგრესიის მსხვერპლნი მარტო დარჩნენ მოძალადის პირისპირ.
„ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება გახდეს, მაგალითად ოჯახის ერთ წევრს სურს გარეთ გასვლა, მეორე წევრი კი უკრძალავს. ეს მცირე დეტალიც კი შეიძლება გახდეს ძალადობისა და აგრესიის გამომწვევი, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალვა შეიძლება მზრუნველობის განცდით იყოს გამოწვეული“,-ამბობს ფსიქოლოგი.
სწორედ ამიტომ, 15 აპრილს გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ე. წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქციას შეიცავდა. აღნიშნული აქტივობის შემდგომ 3 000-ზე მეტმა აბონენტმა გადმოწერა აპლიკაცია და გაიზარდა სერვისის გამოყენების შემთხვევები.
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, დაუკავშირდით “112”-ს ერთიან საგანგებო ნომერს, ან გამოიყენეთ 112-ის მობილური აპლიკაცია, ხოლო მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006.
სტატია მომზადებულია პროექტ „Covid-19-ს ფონზე ოჯახური ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ მიერ „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ფინანსური მხარდაჭერით.