საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ახალქალაქის რეგიონში ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს სახელმწიფო პროგრამით წამლების მიღება სიმბოლურ 1 ლარად არ შეეძლოთ. ახალქალაქის საავადმყოფოს ონლაინ-რეცეპტების გაცემა არ შეეძლო, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალი დახურული იყო. როგორც სამინისტროდან გვატყობინებენ, პრობლემა უკვე მოგვარებულია.
ახალქალაქში სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ და წამლებს 1 ლარად ვერ ყიდულობენ
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მესამე თვეა წამლების რეცეპტებს ონლაინ გასცემენ, თუმცა ახალქალაქის ერთადერთი ჰოსპიტალი არ გასცემს ონლაინ რეცეპტს, რადგან თავდაპირველად სამინისტროს პორტალი ახალქალაქის საავადმყოფოსთვის დახურული იყო. ჰოსპიტალმა ეს პრობლემა მოაგვარა.
ჯანდაცვის სამინისტროდან Jnews-ს შეატყობინეს, რომ რეცეპტებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა უკვე მოგვარებულია, და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს პროგრამით სარგებლობა პრობლემების გარეშე შეუძლიათ.
შესაბამისად, ახლა ბენეფიციარებს შეუძლიათ ახალქალაქის საავადმყოფოს მიმართონ და რეცეპტი მიიღონ, შემდეგ კი ის აფთიაქში წარადგინონ და მათთვის საჭირო პრეპარატები უფასოდ მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ «ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის» პროგრამის ფარგლებში მედიკამენტებს მიიღებენ ის პირები, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონარული არტერიების დაავადებები) დაკავშირებული დაავადებები, ასევე ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მე-2 ტიპი (წინა-საინსულინო დამოკიდებულება) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული კონსტრუქციული დაავადება, ეპილეფსიით დაავადებულები და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტები.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:
– «სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში» რეგისტრირებული პირები, ვისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000;
– საპენსიო ასაკის მოქალაქეები (ქალი- 60 წლიდან, მამაკაცი- 65 წლიდან);
– შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები;
– მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები.
აღნიშნული პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად- 1 ლარად იძენენ. პარკინსონის დაავადებითა და ეპილეფსიით დაავადებული პირები მედიკამენტების შეძენისას 75%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
პროგრამა შემდეგ დაავადებებზე ვრცელდება:
გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
ფილტვების ქრონიკული დაავადება
დიაბეტი (II ტიპი)
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ეპილეფსია
პარკინსონის დაავადება