კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს 5 ექიმი და 14 მედდა დაინფიცირდა. ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა. 22 თანამშრომლიდან 19 დაინფიცირდა, მათგან 4 ექიმი. სასწრაფო დახმარების სამსახური მძიმე დანაკარგის გარეშე არ დარჩენილა, ერთ-ერთი ექიმი COVID-19-ით გარდაიცვალა.

ეს შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ ახალქალაქში კორონავირუსით თავიდან ექიმები დაავადდნენ. უფრო ზუსტად კი, ვირუსი თავდაპირველად მათ გამოუვლინდათ.

რადიოლოგი აკოპ ჩახმახჩიანი, ისევე, როგორც საავადმყოფოს დანარჩენი მედპერსონალი, ყოველ 10 დღეში კორონავირუსზე ტესტს იკეთებდა. მორიგი ტესტის შედეგი მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც თვითონ ექიმი ამბობს, საწყის სტადიაზე კორონავირუსის არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. ტესტის დადებითი შედეგის შემდეგ აკოპ ჩახმახჩიანი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში მოთავსდა და მკურნალობა დაიწყო.

“ჩვენ გავიგეთ, რომ კოვიდინფიცირებულები ვიყავით, ეს უკვე პლუსი იყო. ჩვენ სახლში წავედით და თვითიზოლაციაში დავრჩით. მადლობა ღმერთს, კარგად გადავიტანეთ, მსუბუქი ფორმა გვქონდა. მაღალი ტემპერატურა, სუნის, გემოს დაკარგვა, – ე.წ. კლასიკური COVID-ი მქონდა, შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური ხერხით ვიმკურნალე,” – ყვება ექიმი.

Hakob
აკოპ ჩახმახჩიანი, ექიმი-რადიოლოგი

ექიმი აღიარებს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ყოველ დღე ელოდებოდა. იყო დღეები, როდესაც თერმომეტრს ხელიდან არ უშვებდა იმის მოლოდინში, რომ ტემპერატურა მკვეთრად აიწევდა.

“ჩემი პირველი რეაქცია კორონავირუსზე იყო ისეთი, როგორიც სხვების, მეც ყოველ დღე გაუარესებას ველოდი, გართულებას ველოდი, მაგრამ, ღვთის წყალობით, მე და ჩემმა ოჯახმა მარტივად გადავიტანეთ,” – იხსენებს ექიმი, რომელმაც ვირუსი დაამარცხა.

აკოპმა სამსახურის და დაავადების შეთავსება შეძლო. მართალია, ეს მარტივი არ იყო, მაგრამ მან პროფესიონალური ვალი მოიხადა, დღეში 20-25 ადამიანს უტარებდა დიაგნოსტიკას.

“ჩემი დაავადების დროს, რადგან ჩემმა პროფესიამ ხელი შემიწყო ონლაინ მემუშავა, ორი კვირის განმავლობაში, თითქმის იმავე სამუშაოს ვასრულებდი, რასაც კაბინეტში ყოფნისას,” – ამბობს ის, იმავდროულად აღნიშნავს, რომ დისტანციური სამუშაოც იმდენად დატვირთული იყო, რომ ვერ შეამჩნია, როგორ გამოკეთდა.

ონლაინ სამუშაოზე საუბრისას აკოპი ამბობს, რომ მუშაობა გაცილებით მარტივია, როდესაც პაციენტთან უშუალო კონტაქტი გაქვს.

საუბრის დასრულებისას აკოპ ჩახმახჩიანმა აღნიშნა, რომ ყოველ დაავადებას ადამიანის იმუნური სისტემიდან გამომდინარე ინდივიდუალური ხანგრძლივობა აქვს, შესაბამისად, არიან ადამიანები, რომლებსაც რთულად გადააქვთ კორონავირუსი, ხოლო არიან ისეთებიც, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან, ზოგი ვინც ვერც კი გრძნობს, რომ ავად არის.

Hakob Chaxmaxchyan

ექიმი, რომელმაც ორ კვირაში კორონავირუსი მარტივად დაამარცხა, გვირჩევს თვითმკურნალობით არ დავკავდეთ, მთავარია, რეალურად შევაფასოთ მდგომარეობა და კონსულტაცია აუცილებლად ექიმთან გავიაროთ.

“რადგან დღესდღეობით არავინ იცის ამ დაავადების მკურნალობა, ამის გამო შიშია. არც კი ვიცით, საიდან გაჩნდა დაავადება და საით მივყავართ, ამიტომ ხალხი უნდა იყოს ფრთხილი და პასუხისმგებლიანი. ბევრ შემთხვევაში ხალხი დაგვიანებით მოდის, ისინი თვითმკურნალობას იწყებენ. ექიმთან კრიტიკულ მდგომარეობაში მიდიან. ექიმს თავიდანვე უნდა მიმართონ. თუკი ხალხი პირველივე სიმპტომების დროს ექიმს მიმართავს, პაციენტების 70% დაავადებას მარტივად გადაიტანს”.

აკოპისგან განსხვავებით, არაქსიამ, რომელიც ასევე ექიმია, ვირუსი რთულად გადაიტანა.

“თავიდან ყველაფერი მარტივია, მეორე კვირა – ბევრად რთული. თავიდან ფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ვირუსია, მაგრამ მერე, ყოველდღიურად, როგორც ამბობენ “რაც მეტი, მით უფრო საინტერესო”.

დაავადების მეორე კვირაში არაქსიას დაეწყო მაღალი ტემპერატურა და ხველა, დაკარგა გემოს და სუნის შეგრძნება.

Araqsya
არაქსია სრაპიანი, თერაპევტი

“ჰაერის უკმარისობას თუ გრძნობთ და მკვეთრად იზრდება ტემპერატურა, ამ დროს აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ. მე, ალბათ, COVID-ის საშუალო სირთულე მქონდა, ფილტვების ანთება მქონდა და, მხოლოდ მესამე კვირის შემდეგ ვიგრძენი, რომ უკეთესობისკენ მივდიოდი,” – იხსენებს ოჯახის ექიმი, თერაპევტი არაქსია სრაპიანი.

როგორც ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსი – საშინელი დაავადებაა და მკურნალობას საჭიროა სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ.

“ხალხი, ვინც ამბობს, რომ არ სჯერა, რომ ეს ტყუილია, გარწმუნებთ, რომ ეს ხუმრობა არ არის, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება ისე დაავადდეს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, თუკი ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ასე დაავადება, რა უნდა ვთქვათ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე. სამწუხაროდ, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანებს არ სჯერათ, რადგან მათ მაღალი იმუნიტეტის გამო, დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ,” – ამბობს არაქსია.

მისი მეუღლეც პროფესიით ექიმია, ის ასევე იყო ინფიცირებული და ჰოსპიტალიზირებული.

Hakob ev Araqsya ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფო, სხივური დიაგნოსტიკის კაბინეტი


კორონავირუსი
სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად გადააქვს. ექიმმა აკოპ ჩახმახჩიანმა ორი კვირის შემდეგ მოახერხა სამსახურში დაბრუნება, ხოლო ექიმ არაქსია სრაპიანს სამი-ოთხი კვირა დასჭირდა.

ექიმ ამალიას დაავადების ყველაზე რთული ფორმა ჰქონდა. მან ვერ მოახერხა მისი დამარცხება. ამალია მთელ საქართველოში პირველი ექიმი იყო, რომელიც COVID-19-ით დაიღუპა. დღეს კი, ათეულობით ექიმია დაღუპული.

ექიმის მეუღლეს დღემდე უჭირს ამ თემაზე საუბარი. ამალიას გარდაცვალებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა ლიოვა პარონიანი დანაკარგს ვერ ეგუება.

ექიმს შაქრის დიაბეტი ჰქონდა, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა. ორივე მეუღლე ინფიცირებული იყო, მიუხედავად ამისა ლიოვა ზრუნავდა და უვლიდა მეუღლეს, მაგრამ შედეგი გარდაუვალი გახდა.

“მე თვითონ ძალიან მარტივად გადავიტანე, ტემპერატურაც კი არ მქონდა, მაგრამ გემოს და სუნს ვერ ვგრძნობდი. ამალიას ვუვლიდი, ნემსებს ვუკეთებდი, წამლებს ვაძლევდი. რთულად გადაჰქონდა, ის იხრჩობოდა, პირველი 2-3 დღე სახლში იყო, წამლებს სვამდა, ვიტამინებს იღებდა, ჩემი შვილი მოსკოვშია, ისიც ექიმია და ზუსტად covid-პაციენტებთან მუშაობს. ის გვეუბნებოდა რა უნდა გაგვეკეთებინა, შემდეგ ვნახეთ, რომ მდგომარეობა გაუარესდა და თბილისში წავედით,” – ამბობს ლიოვა პარონიანი.

თავიდან ექიმს 37,3-დან 37,6 გრადუსამდე ტემპერატურა ჰქონდა, ასევე ჰაერის უკმარისობას გრძნობდა. თბილისში უკვე ტემპერატურამ 39 გრადუსამდე მოიმატა. შვილი მოსკოვიდან ჩამოვიდა, რათა დედაზე ეზრუნა, მაგრამ…

ლიოვა აღნიშნავს, რომ ამავე წლის გაზაფხულზე ინფექციის გამოვლენისთანავე ისინი უსაფრთხოების ზომებს მუდამ იცავდნენ, მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც მოდუნდნენ, თავი უსაფრთხოდ იგრძნეს და ვერც კი მიხვდნენ, როდის დაავადდნენ.

“ვიცი, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი იყო ზღვაზე დასვენება. ხალხი ბათუმში ჩავიდა, დაბრუნდნენ და მოგვატყუეს. აი, ასე გავრცელდა ვირუსი. საინტერესოა, რომ დაავადების პიკის დროს ჩვენ არ დავინფიცირდით, შემდეგ კი, სიფხიზლე დავკარგეთ, მაგრამ დაავადებულებს შორის, მხოლოდ ამალია დაიღუპა”.

მას უცნაურად ეჩვენება, რომ თავიდან სასწრაფო დახმარების მედპერსონალი დაინფიცირდა, იმავდროულად ამბობს, რომ ინფიცირებულები ამას მალავდნენ.

ლიოვა მეუღლის ფოტოს უყურებს, რომელთანაც მას თანაცხოვრების 38 წელი აერთიანებდა და ცრემლიანი თვალებით იხსენებს, რომ ამალიას თბილისში წასვლა არ უნდოდა.

“როდესაც ჩვენ ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, სიტუაცია, არც ისე რთულად იყო. მას შაქარი ჰქონდა, ამიტომ COVID-ის სხვა ფორმა ჰქონდა. სხვა დაავადებებიც რთულად გადაჰქონდა, ჩვეულებრივი სეზონური გრიპიც კი. შაქრის დიაბეტი მას 15 წლიდან ჰქონდა”.

ლიოვა აკანკალებული ხმით მოუწოდებს ყველას იყვნენ ფხიზლად და გვირჩევს სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ვირუსს. არცერთი წუთით არ დაგვავიწყდეს ამ საშინელი დაავადების შესახებ. აუცილებლად ვატაროთ პირბადე, გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარები.

კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 4 აპრილს დაფიქსირდა. ამ დროიდან მაჩვენებელი 2 352-მდე გაიზარდა.

თებერვლის ბოლოდან 26 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 220 508 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 200 339 შეადგენს.