ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ოლავერდის მცხოვრების კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ახალქალაქის რაიონის მცხოვრები კორონავირუსის ტესტს იკეთებს. სამივე ტესტის შედეგი უარყოფითი იყო, არც ერთი არ არის ვირუსით დაავადებული.
სოფელი ოლავერდის მცხოვრები ორი დღის წინ, მაღალი ტემპერატურით კორონავირუსზე გამოკვლევისათვის ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს ახალციხეში ტესტი გაუკეთდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, პაციენტს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია.
“მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას კორონავირუსი არ აქვს”,- ამბობს ავეტიკ ტონაკანიანი.
თუკი ადრე ახალქალაქის პაციენტებს კორონავირუსის შესამოწმებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში გზავნიდნენ თუ ადგილობრივ ექიმებს წინასწარი გამოკვლევის შემდეგ კორონავირუსის ეჭვი ექნებოდათ, ახლა, ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ახალციხის საავადმყოფოში ყველა პაციენტს გზავნიან, ვინც სასწრაფო დახმარების სამსახურში რეკავს, აქვს ტემპერატურა და დაავადებების გართულების სიმპტომები.
“ავადმყოფს გადაიყვანენ ახალციხეში, სადაც კორონავირუსის ტესტი გაუკეთდება”, – ამბობს ავეტიკ ტონაკანიანი.
დღემდე ახალქალაქის რაიონში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, ეს უკვე მესამე ადამიანია, რომელსაც ინფიცირების დასადგენად გაუკეთდა ტესტი. რამდენიმე დღის წინათ, ახალქალაქის რაიონის სოფელი აბულიდან ახალგაზრდა ადამიანმა კორონავრუსის ეჭვით ახალქალაქის ჰოსპიტალს მიმართა, მას ფილტვების ანთება ჰქონდა. 27 მარტს საავადმყოფოს მიმართა სოფელი ხოსპიოს მცხოვრებმაც, ის თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შემოწმების შემდეგ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს, 6 ადამიანით გაიზარდა. ამჟამად ლაბორატორიულად დამტკიცებულია კორონავირუსის დაავადების 431 შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსისგან განუკურნა 114 პაციენტი, 5 – გარდაიცვალა.