პატარა სამსარაში მოსახლეობას სამედიცინო დახმარება სჭირდება, მაგრამ სოფელში ექიმი არ არის. 21 მარტის შემთხვევამ, როდესაც ორსულ ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და სოფელ დიდ სამსარში მცხოვრებმა სოფლის მედდამ, ქარბუქის გამო, პაციენტამდე ვერ მიაღწია, რათა დახმარება აღმოეჩინა, მოსახლეობა კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოფელს ჰყავდეს მედდა ან ექიმი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ადრე, როცა ექიმის დახმარება სჭირდებოდათ, მეზობელი სოფლიდან მოდიოდა მედდა, ფელდშერი მარგო, რომელმაც წლების განმავლობაში მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა. ორსულთან დაკავშირებიღ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სოფლის მოსახლეობა იხსენებს შემთხვევებს, როცა ექთანმა სოფელში ქალი ამშობიარა.
„დაახლოებით 20 წლის წინ იყო, მახსოვს, ძლიერი ქარბუქი იყო, ტრაქტორმაც კი ვერ გამოიყვანა ორსული, ბებიაქალმა მარგომ ამშობიარა. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, მან ხელი შეუწყო ბევრი შვილის დაბადებას, სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა. წელს, როცა ისევ იგივე პრობლემის წინაშე დავდექით, მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია სოფელში ექიმი“, – განუცხადა Jnews-ს სოფელ სამსარის მცხოვრებმა.
სამსარელების თქმით, სოფელში არიან შესაბამისი საექთნო განათლების მქონე ქალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ავადმყოფებს, თუმცა მათი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია შესაბამისი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის უქონლობის გამო.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, სირანუშ ტონაკანიანი ამბობს, რომ რეგიონში სოფლის ექიმის პოზიციაზე ორი ვაკანსიაა გამოცხადებული, ერთი კუმურდოში და მეორე მაჯადიაში, თუმცა ექთნის პოზიციაზე, არცერთი ვაკანსია არ არის.
„მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმებზე 2 ვაკანსიაა, ექთნების ვაკანსია არ გვაქვს. ისეთ სოფლებში, როგორიც არის კორხი, ალათუმანი, პატარა სამსარი, ექთნები არ არიან, მაგრამ ამ სოფლებში ვაქცინაციას მეზობელი სოფლების ექთნები ატარებენ“, – უთხრა Jnews-ს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა. სირანუშ ტონაკანიანმა.
Jnews-ი სოფლის ექიმების საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გაირკვა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვაკანსია არის 2 სოფლის ექიმისა და 2 ექთნის მიღებაზე.
სოფელი პატარა სამსარი ახალქალაქიდან 28 კმ-ში მდებარეობს, სოფელში წელიწადის თითქმის 5 თვე მკაცრი ზამთარია. სოფლის მოსახლეობის თქმით, ქალაქიდან შორს მდებარე ყველა სოფელში უნდა არსებობდეს პირველადი დახმარების გაწევის შესაძლებლობა.