შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი დაკეტილია ყველა მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან.
შს მინისტრმს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს საზღვართან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს საზღვარი გახსნილია, მით უმეტეს, აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთზე. რომ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით. მე მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას. საზღვარი დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე. თუმცა, შემოსვლის დროს ყველა მათგანი მიდის ორკვირიან კარანტინში. ესენი არიან, უმეტეს შემთხვევაში საქართველოს ორმაგი მოქალაქეები. ორმაგი მოქალაქეობა აქვთ სტუმრებს, ვიზიტორებს, ვინც შემოდიან და არიან, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი, ან შვილები, ან მეუღლეები. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი შევაჩეროთ და უკან გავაბრუნოთ. თუ მშობლები არიან ორმაგი მოქალაქეები, შვილს ჩვენ ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში. თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, ხდება ეს, რაც, ვთქვათ, გავრცელდა სოცქსელებში, რომ დადიან რუსულნომრიანი ავტომობილები და დადიან რუსეთის მოქალაქეები. ასევე, მინდა დამატებით გითხრათ, რომ არის დარჩენილი რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე, ვინც არ წავიდა ამ კორონავირუსის დაწყების შემდეგ და დარჩა საქართველოში. უკვე, რამდენიმე თვე გამოდის აქ არიან, არ ტოვებენ ისინი ქვეყანას. ისინი ლეგალურად არიან აქ. უფლება აქვთ, ჯერჯერობით, იყვნენ, ანუ ვადა არ გასვლიათ საქართველოში ყოფნის უფლების. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.