საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კოვიდინფიცირების ორივე შემთხვევის წყარო ცნობილია. ორივე ინფიცირებული არსებული პაციენტების კონტაქტს წარმოადგენს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში სულ 125 პაციენტი გადის მკურნალობას, მათ შორის 24 ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული.
„საქართველოში იყო 917 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა და გვყავს 919. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ოთხით გაიზარდა და ამჟამად არის 780. ორი ახალი შემთხვევა ცნობილი წყაროებია, არსებულ დაავადებულებთან კონტაქტებია. მთავარია, წყარო ცნობილია. როდესაც წყარო ცნობილია, ის მართვადია. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული, რომლებმაც უკვე დატოვეს კლინიკა” – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკას გუშინ ახალი შემთხვევა არ დამატებია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
“ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომაროება არ არის მძიმე, საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. კლინიკაში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
წყარო: fortuna.ge